675 მილიამპერი საათში


 

   ადრეც გამიკეთებია ეგრე. სახლიდან გასვლისას არ დამიტენია, მაგრამ მთელი დღე გაუძლია. წინა კვირას აირია ყველაფერი….

 

ეს იმ დროს მოხდა, როცა კლერი, თავისი ჯადოსნური ხმით, თამამად ფარავდა ყველაფერს. მისი ჟღერადობა და მიღწეული უმაღლესი ნოტი, მთვარის მთელ ბნელ მხარეს ავსებდა. ეს იყო დიდებული კონცერტი ცაში.

 

შემდეგ, ეს ყველაფერი გაწყდა და ძალიან უხეშად შემოიჭრა გონებაში სტანდარტული ხმა, რომელიც ბატარეის სიკვდილს მამცნობდა.

 

ავტობუსის სავარძელზე ვიჯექი და ირგვლივ, უამრავი ადამიანის არც ისე ჩუმი, მაგრამ ქაოსური და გაუგებარი საუბარი ისმოდა. ნერვულად დავიწყე ყურება მათ სახეებზე. ხან ერთს და ხან მეორეს მიშტერებით ვაკვირდებოდი. ზუსტად ჩემს წინ კეპიანი ტიპი იჯდა. თავს რიტმულად აქანავებდა. გრძელ თმაში ყურსასმენები მოუჩანდა და მუხლებზე დადებულ თითებს არ აჩერებდა. უეჭველი იყო, რომ საქმე ბოლო სტადიასთან გვქონდა. ჩამეღიმა მის შემხედვარეს, და უცებ თავი აუტანელი ხმაურით გამევსო. თითქოს, ტვინი ახლა გამოფხიზლდა მუსიკისგან და მთელი სისავსით შეიგრძნო გარემო.

 

ხელისგულები გამიოფლიანდა და ზურგზე თხელი მაისური მომეწება. ძალიან შემეშინდა მეც მის დღეში არ აღმოვჩენილიყავი. ძლიერ მოთხოვნილებას ვგრძნობდი. გაჩერებაზე მოკუნტული ძლივს ჩავედი  და შედარებით მშვიდ ქუჩაზე გავედი. ხმაური შედარებით გაჩერდა. ბედნიერი ვიყავი – რაც მომივიდა, ნერვულ შეტევას ჰგავდა – უფრო შიშისგან გამოწვეულს, ვიდრე რეალურ სიმპტომს.

 

მერე, ყველაფერმა რომ ჩაიარა, ქუჩას გავუყევი. ალბათ პატიმრობიდან გამოსული ადამიანივით ვგრძნობდი თავს. ყველაფერი ცუდი რომ უკან დარჩა და მისთანები.

 

აღარ არის ხმაური-მეთქი გავიფიქრე, უფრო სწორად, შემაწუხებელი აღარ იყო. თითქოს მხოლოდ ფონად გაყვებოდა ჩემს ფიქრებს. აზრის ზედა ფენას, რომელსაც ახლა ვფიქრობდი. თუმცა, კიდევ იყო ამ შრეებს შორის ერთი და ამის მიხვედრამ და გააზრებამ მუხლები მომკვეთა.

 

გარშემო ხმაური, სინამდვილეში იმ ბგერების უკან იყო, რომელსაც, თურმე ჩემთვის ვღიღინებდი გულში. ალბათ მას შემდეგ რაც აიპოდის ბატარეა დაჯდა. ამაში საკუთარი თავის გამოჭერა, რომ მუსიკის გარეშე ფიქრი აღარ შემეძლო, ძალიან დამთრგუნველი იყო.

 

მე ვიცნობდი კარლს. ის ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და როცა კვირის ბოლოს სამსახურიდან ბრუნდებოდა, ჯდებოდა თავის ეზოში, ერთსა და იმავე ლუდს სვამდა და შეგრძნებები მეტ-ნაკლებად რომ დაუსუსტდებოდა, რადიოს ბოლო ხმაზე უწევდა მანქანაში. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ დროს ჯონ სასის სოლო გადიოდა, თუ ყეყეჩი დიქტორის მონოლოგი, ვითომ სექსუალური ხმით. მოკლედ, მისთვის უბრალოდ სულერთი იყო. მის სულიერ მოთხოვნას, სრულად აკმაყოფილებდა მანქანის 100 ვატიანი დინამიკებიდან გადმოღვრილი, ნებისმიერი ბგერათა ერთობლიობა. და მე ამის გამო, კარლს ვერ ვიტანდი. სალამს ყოველთვის ვუბრუნებდი, მაგრამ არცერთხელ მიმიღია პატიჟი ლუდზე და სოსისებზე.

 

მოკლედ, მე კარლი არ ვიყავი და თანაც, ისეთი რამ აღმომაჩნდა, რაც მეგონა არასდროს დამემართებოდა. დაავადებულების შემხედვარეს, მით უფრო მიმყარდებოდა ეს განცდა და უფრო თამამად და დიდხანს ვუსმენდი ხოლმე მუსიკას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის არ ცნობს განსხვავებას და მის წინაშე ყველა თანასწორი არა, მაგრამ არასწორია. მათ შორის მეც და ალბათ კარლიც.

 

🌕🌕🌕

 

მატსუ პოამ, ტაივანში დაბრუნებისას, ტელეფონში დროის ზონა UTC+8:00-ზე შეცვალა. დილით მაღვიძარამ ჩვეულებრივ დარეკა და რადგანაც  საათი ყოველთვის 10 წუთით წინ ჰქონდა მომართული, გადაწყვიტა დაეპაუზებინა და კიდევ 10 წუთით, არც მაინც და მაინც ეროტიკულ, მაგრამ საოცარ სიზმარში დაბრუნებულიყო.

 

10 წუთის შემდეგ ის ადგა, წვერი მოიწესრიგა და კარადიდან პიჯაკი ჩამოხსნა, რომელიც დედის გასვენებაში ეცვა 2 თვის წინ. რატომღაც, ეს უბრალოდ გადაწყვიტა და არც უფიქრია, რომ მაშინაც წვიმდა.

 

ქარხანა, სადაც მატსუ მუშაობდა, დასახლებიდან მოშორებით, რამდენიმე წლის წინ აშენდა და ექსკლუზიურად ამზადებდა ელემენტებს, მხოლოდ Apple-ს პროდუქციისთვის.

 

მატსუმ სპეც-ტანსაცმელი ჩაიცვა და დანარჩენ 12 235 ამავე ქარხანაში, ამავე პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს დაემსგავსა.

 

ის ის იყო, საკუთარ ადგილს მიაშურა კონვეერთან, რომ მონიტორმა დაუძახა და ქვითარი გაუწოდა. ყვითელი ფერი ჯარიმას ნიშნავადა – 50$ – 1 საათის დაგვიანებისთვის.

 

ყელში სიბრაზე მოებჯინა, თავი შეიკავა და ტელეფონი ამოიღო, მონიტორისთვის დრო უნდოდა ეჩვენებინა. ახლა სიამოვნებით ამოანთხევდა დაგროვილ სიბრაზეს უსამართლო ჯარიმისთვის და ხვდებოდა, მზად იყო მთელს ხმაზე, ყველას თვალწინ დაემცირებინა მონიტორი ქალი, რომელიც 12 235 ადამიანიდან,  არავის ეხატებოდა გულზე. მაგრამ თავი ჩახარა, ტელეფონი შეინახა, კონვეერისკენ მიტრიალდა და წითელ ღილაკს დააჭირა, რომელსაც მისკენ ელემენტის ნაწილები გამოჰქონდა.

 

საქმე ის იყო, რომ დროის ზონის შეცვლისას, საათი 50 წუთით რჩებოდა ხოლმე რეალურ დროს. მის 4 წლის წინ გამოშვებულ ტელეფონს, ავტომატური განახლების ფუნქცია არ ჰქონდა.  მატსუ მიხვდა, რომ შეკამათდებოდა თავს უფრო დაიმცირებდა. ამიტომ, გაჩუმება არჩია მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა მისი 5 დღის სამუშაოს ტოლფასი იყო.

 

უსიამოვნებები დაგვიანებისთვის, ჯარიმით არ დასრულებულა, მას კონვეერის სისწრაფის მომატება დასჭირდა რომ დადგენილ დროში ჩატეულიყო. 2 000 ელემენტისთვის დიოდების მიბმა უნდა მოესწრო. ძველ ტემპზე მორგებული მატსუ, აჩქარებით ძლივს ამაგრებდა უწვრილეს სადენებს ლითიუმ იონის ტიპის ბატარეას.

იმ მომენტში, უკვე ბუნდოვნად ხედავდა ყველაფერს, როცა მის შუბლს ოფლის მომცრო წვეთი გამოეყო და გადაბმის ადგილს დაეცა. მატსუმ ეს ვერ შენიშნა. ჩვეული მოძრაობით გვერდით კონვეერზე გადადო, სადაც მისი კოლეგა დასრულებულ სახეს აძლევდა, მომავალში უკვე რომელიმე მოწყობილობის ბატარეას, სიმძლავრით – 1350 მილიამპერი საათში.

 

დასკვნითი ტესტის გავლისას, ბატარეამ დადგენილი ნორმა აჩვენა და რამდენიმე დღეში აიპოდის უცვლელი შემადგენელი ელემენტი გახდა. თუმცა, როგორც კი დადებითმა და უარყოფითმა ელექტროდებმა პირველად გაცვალეს იონები, დეფექტმა თავისი გაიტანა და ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ნახევარჯერ შეამცირა.

 

იმ მომენტში, როცა  აიპოდში The Great Gig In The Sky იყო ჩართული, დიოდმა, რომელიც ელექტრული წრის უწყვეტობაზე იყო პასუხისმგებელი,  დატვირთვას ვერ გაუძლო და გადაიწვა.

 

 

 

🌕🌕🌕

 

გიჟური რამ ხდებოდა, მე ენაგადაყლაპული ვიჯექი. წინ და უკან ოდნავ ვარწევდი საოცრად კომფორტულ სავარძელს, რომელიც ასეთივე 12 სავარძლისკენ იყო შებრუნებული. ჩემს წინ, ერთ-ერთი ცნობილი როკ ბენდის დრამერი იდგა. მისი ცნობა არავის გასჭირვებია, მაგრამ მაინც თქვა ტრადიციისამებრ -,, მე რ. ვილსონი ვარ, 36 წლის”. საკვირველება ის იყო, რომ თვითონ, იმ ადამიანებს შეუტია დაავადებამ, რომლებიც მას სხვებში იწვევდნენ.

 

რობერტი იდგა ჩვენს წინ, ხელში კი თითქოს უხილავი ჯოხები ეჭირა, არ აჩერებდა და მგონი იმ წუთას, როცა დოქტორი კლასკი დაჯდომისკენ მოუწოდებდა, მისი ბენდის ჰიტს ასრულებდა ხელების მოძრაობით მგონი ,.Little thing”-ის სოლო უნდა ყოფილიყო. მესამე დაძახებაზე, რობერტი უცებ გაშეშდა, მიხვდა რას აკეთებდა, შეცბა და დარცხვენილმა მოიბოდიშა. სავარძელში ჩაჯდა თუ არა დაკვრა ისევ განაგრძო.

 

წრეზე შემდეგი ადამიანი ახალგაზრდა სტუდენტი იყო. ის გრძელი და საკმაოდ ემოციური მონოლოგით გამოვიდა. ჩემს გვერდით მჯდომი მოუსვენარი პანკი საღეჭი რეზინის გაუჩერებელი ღეჭვით, ცალ ყბაზე აწეული ტუჩით მომიტრიალდა და ,, აუ ეს რა ჩოილარი რამეა, რა ჰიტლერივით ბაზრობსო”- მითხრა.

ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაცებში მეც ვეთანხმებოდი ამ სტუდენტს.

 

–  ,,ყველაფერს აკეთებენ, რომ ტვინებში შეგვიძრვნენო” ამბობდა და თან, ისე იყო აღგზნებული საუბრით, ვერ ხვდებოდა დორბლს რომ ყრიდა ყვირილის და  გარშემო ტრიალისას. კლასკი მას არ აჩერებდა, ღიმილით შესცქეროდა და თავს უქნევდა. სტუდენტი კი აგრძელებდა:

 

– ,,მთელი მსოფლიოა ჩართული ამაში! მუსიკოსები მილიონობით ფულს იღებენ, სახელმწიფოები კარს უხსნიან ყველანაირ ფესტივალს. მანქანებში მაგნიტოფონებს გვიტენიან გვინდა თუ არა. ქუჩაში ყურსასმენები, სახლში კომპიუტერი, სტუმართან მიხვალ და ტრადიციაა მუსიკის ჩართვა. ეკლესიაშიც კი გოსპელს გუგუნებენ. ხვდებით?ხვდებით რა ხდება?  არავის აწყობს რომ უბრალო ხალხი აზროვნებდეს და გვაძინებენ! გვთიშავენ… შეგიხედავთ ტრანსპორტში რა ხდება? სული რომ ამოგაძრონ ცემაში არავინ მოგხედავს, ყველა უსმენს….

 

– გზაზე რამდენი ავარია ხდება! იმიტომ, რომ მძღოლიც უსმენს და ქვეითიც, რომელიც ამ დროს გზაზე გადადის.

 

– სადღაც მიყრუებულ პროვინციაში, ვიღაც გამოსირებული ქოხში ცხოვრობს, საჭმელი ენატრება. გადასახადების გამო, წყალიც კი არ აქვს და მაინც, წევს გამხმარ ტახტზე სიცივისგან მოკეცილი, ყურსასმენებით ნირვანას უსმენს და უზომოდ ბედნიერია – ეს სისულელე არაა?

 

– 20 მილიონი ალბომი გაყიდა The Separate facilities-მა. 20 მილიონი იცით რამდენია? ინტერნეტშიც ყველაფერი უფასოდ გვაქვს… რატომ? რატომ არ არის უფასო მაგალითად ჰოთ-დოგი? იმასაც ხომ ჰყავს მწარმოებელი? მეტი და მეტი დაავადებული უნდათ, მეტი მუსიკა რომ გაასაღონ! მეტი აიპოდი და მეტი ყალბი ბედნიერება რომ ვიგრძნოთ. რომ ნამდვილ პრობლემებზე ხმა არ ამოვიღოთ.

ფეხზე არ მკიდია, რომელი შემსრულებელი დაუკრავს ხვალ ჩვენს ქალაქში? მაგრამ კბილები მიკაწკაწებს, ისე მინდა მათი მოსმენა და ბილეთებიც 2 თვით ადრე ვიყიდე… ეს მე კი არ მინდოდა, ეს მაიძულეს. მაიძულა ბენდმა რომელიც შემიყვარდა და მისმა მიმზიდველმა მელოდიებმა, რომლითაც დამაბეს…”

 

ის, მთელი საუბრის მანძილზე წრეში ტრიალებდა. ორივე გაშლილი ხელით, თითქოს დახმარებას გვევედრებაო, ისე შემოგვყურებდა, მთელი ხმით ყვიროდა და  ცალ ტერფს 4/4 თვლაზე აკაკუნებდა – ის ვერ გამოვიცანი რა მელოდია უტრიალებდა პარალელურად თავში.

 

ბოლოს, უკვე რომ შევწუხდით, დრამერმა სცადა მისი შეჩერება, მაგრამ დოქტორმა კლასკომ ანიშნა იჯექიო.

 

სტუდენტი ბოლო სტადიით იტანჯებოდა. აზრი არ ჰქონდა კლინიკის მუსიკაზე დამოკიდებულთა კლუბში მის ყოფნას. კაცმა რომ თქვას, აქ ყველანი განწირულები ვიყავით.

 

🌕🌕🌕

 

მატსუ, ახალ სამსახურში მოწყენილი მიშტერებოდა მის წინ გაკრულ, უზარმაზარ ბანერს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუშაობდა, მაინც არ ყიდულობდა ამავე კომპანიის წარმოებულ ახალ სმარტფონს.

 

ბანერიდან როგორც იუწყებოდნენ, მას საკმაოდ ბევრი ფუნქცია ჰქონდა და მფლობელს გაკვირვებულს დატოვებდა.

 

სმარტფონის შექმნის ძირითად მონაკვეთებში, თავად ჰქონდა მიღებული მონაწილეობა და იცოდა რასაც მოასწავებდა მისი შეძენა. ოთახის ოდნავ შეღებული კარიდან თანამშრომელი გამოჩნდა. ყავის მოზრდილი ჭიქით მოდიოდა, თავს აკანტურებდა და ახალი სმარტფონიდან – ოდნავ ამოწეული რომ ედო ჯიბეში მუსიკას უსმენდა.

 

ამან გააღიზიანა, იცოდა, რომ ეს დირექტორის საამებლად ჰქონდა ასე.

წარმოიდგინა, როგორ მიდის ნელა მისკენ. როცა, თანამშრომელი აპარატიდან ყავას იღებს, როგორ აძრობს ყურსასმენს ყურიდან და ჩაყვირის -,, ბარემ მინეტი გაუკეთე შე სირო!”

მერე, სმარტფონს როგორ აძრობს ჯიბიდან და დამარცვლით, ტელეფონის ეკრანის ყავის აპარატის კუთხეზე მირახუნების ფონზე უყვირის – თქვენ ყველანი…

 

პამ…დაამმმ.. დიფ დიფ დამმ… მატსუს გონებაში შემომავალი ზარის მელოდია შემოიჭრა. ტელეფონს ზარის ხმა გაუთიშა, მაგრამ მილიონჯერ მოსმენილი მელოდია, გონებამ ავტომატურად აიკვიატა და მატსუც, მისდაუნებურად ფეხების ბაკუნითა და გულში სიმღერით აჰყვა.

 

🌕🌕🌕

 

–  რამეს უნდა მოვუსმინო! ჩართეთ რამე! ჩემი სმარტფონი დამიბრუნეთ, თორემ მოვკვდები….  მე სმენა არ მაქვს! გულშიც ვერ ვიღიღინებ რომ ლომკა მომეხსნას! ააააააააააააა!!!! უუუუუუუუუუუუუუუხ! – ყვიროდა ახლადმოყვანილი პაციენტი, რომელიც 4 ადამიანს გაკოჭილი მოჰყავდა. ის კი სასწაულად იგრიხებოდა და ღრიალით აყრუებდა საკნებს, რომლებიც პალატების მაგივრობას სწევდა.

 

– აჰა ძმაო, ცოტა მოგეშვება – მოისმა იქვე საკნიდან, საიდანაც მალე  ხმამაღალი სიმღერის ხმა წამოვიდა.

ამ ავადმყოფს, ბოხი და დაბალი ხმა ჰქონდა. საოცრად უხდებოდა მასიური მილის კარზე ფეხის რიტმული მირტყმის ხმა – we will, we will rock you-ს, რომელსაც ის ახლადმოსულს უმღეროდა.

 

რამდენიმე წამში, უკვე კლინიკის ყველა საკნის კარი ზრიალებდა. ახლადმოყვანილი ისევ პირდაღებულ მცველებს ეკავათ ხელში. ის სიამოვნებისგან თვალებმილულული თავს აქეთ-იქით აქანავებდა.

 

მერე გონს მოეგნენ. მივარდნენ საკანს, საიდაც სიმღერა დაიწყო  და ავადმყოფს ხელკეტით დაუწყეს ცემა. მას სიმღერის შეწყვეტა არც უფიქრია. ხანდახან, თუ მუცელში მოხვდებოდა, ბგერების მაგივრად ყრუ ხმას გამოსცემდა. დარტყმების გამოყენება, სათავისოთ გადაეწყვიტა და ხელკეტების ქაოსური ჯერი, დრამის მაგივრად შეუთავსა ხმას.. მცველებმა, იქამდე სცემეს სანამ მიხვდებოდნენ, რომ სიჩუმეს, მხოლოდ მათი რიტმული ცემა არღვევდა, რომელიც მათდაუნებურად პაციენტის შემოთავაზებულ რიტმს დამორჩილებოდა და გულშიც თითოული we will we will-ს ღიღინებდა.

 

აქ, ყველანი შეშლილები ვიყავით, სტადია სხვადასხვა იყო. მე საწყისი აღმომაჩნდა, მაგრამ – გამწვავებისკენ მიდრეკილი. უფლება მქონდა სამსახურში მემუშავა, მხოლოდ მკაცრი კონტროლქვეშ და ამიტომ აქ მერჩივნა. სამსახურის რუტინა უფრო მალე მომიღებდა ბოლოს.

 

დირექტორი,  ხანდახან მძიმედ დაავადებულებზე ექსპერიმენტებს  ატარებდა.

 

ერთხელ, იდეა მოუვიდა – ცუდი ამბის შეტყობით, პაციენტის თავში მელოდია დარდით შეეცვალა. სათითაოდ იბარებდა ყველას და საცოდავებს მათი უახლოესი ადამიანების გარდაცვალების შესახებ, ცრუ ინფორმაციას ამცნობდა.

 

შედეგი ის მიიღო, რომ პაციენტები უფრო მეტად მელანქოლიურ განწყობაზე დადგნენ და ქვითინის ფონზე, შესაბამისი მელოდიები ამოუტივტივდათ გონებაში.

 

ამ მეთოდმა რომ არ გაამართლა, ინტერნეტში კიდევ ერთი ვარიანტი გამოძებნა. რომელიც, ხალხური ფოლკლორიდან იღებდა ფუძეს და ერთი ძლიერი ბგერით, დანარჩენი ბგერების გადაფარვას – ჩახშობას გულისხმობდა.

 

აღარ მახსოვს, რამდენი ხანი ვიყავით ასე. კოღო რომ ყურთან ახლოს ჩაგიფრენს, ეგეთი, ოღონდ გაბმული, უწყვეტი ხმა ჩაგვირთეს. ეს იმდენად აუტანელი იყო, რომ ყველას სისხლისდენა დაგვეწყო ყურებიდან – ზოგი რას იტენიდა, ზოგი რას. დირექტორი აღფრთოვანებული იყო შედეგით. ,,რაო არ მოგწონთ? მე მაინც გამოგაჯანმრთელებთ თქვე ავადმყოფებოო” – გაიძახოდა ყოველ ჩამოვლაზე, როცა დასისხლიანებულ და გაწამებულ პაციენტებს მცველები თავიდან ბალიშებს ართმევდნენ.

 

🌕🌕🌕

 

– ყველას მოგესალმებით! დღეს მთელი ხალხი ვზეიმობთ და ეს ზეიმია ჩვენი გამარჯვების! ერთად დგომის და ერთად აშენებული ქვეყნის. დაუღალავი შრომის, ჩვენი შვილების მომავლისთვის გადადგმული ნაბიჯების – პრეზიდენტი ჰედსი, საუბრისას, ჩვეული აღმაფრენით ავლებდა მზერას შეკრებილ ხალხს. ღრმად ამოისუნთქა და 3 წამიანი პაუზა გააკეთა. დროის ამ მონაკვეთში, მარცხენა მხარეს გადახედა ხალხს. ძლივს შეკავებული ღიპი, რომელიც პიჯაკს მაინც საშინლად აწვებოდა, ნელნელა მარჯვნისკენ წამოიღო და ანთებული სახეების, ყიჟინის, გარშემო პოლიციის კორდონისა და სახურავიდან მოთვალთვალე სპეც. რაზმის დანახვისას, სიამოვნებისგან მოეშვა. ღიპმა ძალდაუტანებლად გაწყვიტა ღილი და თავისუფლება იგრძნო. ამისთვისაც მზად იყო ჰედსი. სწრაფად წაიღო ხელი, პიჯაკის მარჯვენა კალთა უკან გადაიწია და ხელი გვერდით ჯიბეში ჩააცურა. ისე ბუნებრივად, თითქოს იცოდა ასე რომ მოხდებოდა.

 

როცა ხალხი მის ჩახველებაზე გაისუსა, ჰედსმა კიდევ აიღო პაუზა. გაიაზრა, რომ მისი ამოხველებაც კი გარშემომყოფთა რეაქციას იწვევდა. გადაწყვიტა, ტრენერის შედგენილი ტექსტი აღარ წაეკითხა. საერთო მესიჯ-ბოქსიც სისულელედ მოეჩვენა – არ იყო საჭირო ამდენი სიტყვის და ენერგიის დახარჯვა.

 

აღარ მისმენია, მერე ტაში დაუკრეს და ტაშმა უცნაური ასოციაცია გამოიწვია ჩემში. თავიდან, ვერ მივხვდი რა წამოწია მეხსიერებიდან. მერე გავიაზრე, რომ ტელევიზორიდან წამოსული ბგერა, განზების Welcome To The Jungle-ად გადაიქცა. ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება იყო რამდენიმე წლის წინ ჩვენს ქალაქში. სინქრონული ტაშის ტალღაც, უფრო მეტ სიამოვნებას მგვრიდა.

 

– მე მინდა, ჩვენი სულიერი მამის დაწერილი კომპოზიცია გიმღეროთ! – ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა. ჰედსმა, ნაბიჯით უკან დაიხია და არქიეპისკოპოსის სახე გამოჩნდა. მან თავი დაუქნია და ხელით ანიშნა რომ ნებას აძლევდა. პრეზიდენტი უეცრად მიხვდა, რაც რამდენიმე წამის წინ გაიაზრა, არქიეპისკოპოსს დიდი ხანია შესწავლილი ჰქონდა და ხელის აქნევის ჟესტმა საკმაოდ გააღიზიანა. ახლა იგრძნო ისიც, რომ მის უკან მჯდომი ადამიანი, უბრალოდ, ასე უმოძრაოდ, მხოლოდ ყოფნითაც დანარჩენებზე უფრო დიდ გავლენას ახდენდა ვიდრე თვითონ.

 

წინ წამოიწია, ალბათ ვინმე ცნობილი ტენორის მოძრაობა გადაიღო და მოემზადა. ჩვენთან, ეკრანის მეორე მხარეს მყოფებს შორის, რამდენიმემ ხმამაღლა გაიცინა. მთელი კლინიკა მიშტერებოდა ეკრანს. პრეზიდენტმა დაიწყო…

 

– ლაააა ლაარაამ.. უცნაურად ფაქიზი ხმა აღმოაჩნდა. უფრო ზემოთ მიდიოდა და მალე ყურებს არ ვუჯერებდი, ისეთი ხმა ამოუშვა.

 

წამოვდექი, თავს დამუხტულივით ვგრძნობდი, არანაირი აზრი აღარ მიტრიალებდა. ხმამ სულ გადაფარა ყველაფერი და გვერდებში ბიძგი ვიგრძენი. არ გამიხედავს ისე ვუპასუხე ბიძგებით და ვეღარ გავჩერდი. მივხვდი, რომ დანარჩენებსაც იგივე დაემართათ. მთელი კლინიკა, დოქტორი კლასკისა და დირექტორის ჩათვლით, ეკრანის წინ ცეკვავდა. ეკრანში ფართო კუთხით მოცეკვავე არქიეპისკოპოსი მოჩანდა, სცენის ქვემოთ კი ხელები და მოხტუნავე თავები ირწეოდნენ. ყველანი ვიღიმოდით და საოცარი ბედნიერების შეგრძნება არ მტოვებდა. თითქოს ყველამ უსაშველოდ დიდი და ძლიერი ,,ბოლი” მოვწიეთ…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s