ჰარპერის ბიოგრაფია


მდივანმა კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა და არავინ  რომ გამოეხმაურა, თავადვე შეაღო კაბინეტის მაღალი კარი. ,,უფროსი გიბარებსო’’ -ცივად უთხრა ფანჯარასთან მჯდომ კაცს, რომელსაც არ გაუხედავს, ისე დაუქნია თავი. კაცი დაელოდა როდის მიწყდებოდა ქუსლიანი ფეხსაცმლის რიტმული კაკუნი გლუვი იატაკის ზედაპირზე და კაბინეტიდან გამოვიდა.

შენობას, სადაც ჰარპერ ო. მუშაობდა, მაღალჭერიანი, გრძელი დერეფნები და შესაბამისადვე გადაჭიმული კაბინეტები ჰქონდა. სანამ ჰარპერმა საკუთარი კაბინეტიდან უფროსამდე მიაღწია, სულ გაუქრა ის შემართება და სიმხნევე, რომელიც დილას, სარკეში შეუქმნა საკუთარ თავს. ,,ჰარპერს არასდროს მოწონდა თავისი საქმე და ვერც უფროსებთან ჰქონდა რიგიანი ურთიერთობა“-გაიფიქრა თავისთვის, ისე თითქოს ავტობიოგრაფიიდან ამოეკითხა.

უკან რომ გამოვიდა, ჩაფიქრებული და ერთიანად მოშვებული ჩანდა. ისე იშმუშნებოდა, მისი შემხედვარე გაიფიქრებდით თავს გადახდენილი ცუდი ამბავი ახსენდებაო. ხმამაღლა, გაბმულად ამოიოხრა  და საკუთარ ფეხსაცმელებს დააშტერდა. მისი აზრით, უფროსი ძალზე ახირებული კაცი იყო. სულ არ ეხერხებოდა თანამშრომლებთან ნორმალური, გაწონაწორებული საუბარი და საერთოდ, როგორც ახსოვდა, თითქმის ყველა მისი უფროსის ხასიათი რატომღაც ერთმანეთისგან არაფრით იყო განსხვავებული .

დერეფანი სწრაფად გადაჭრა და საპირფარეშოში შევიდა. საკუთარი სახისთვის უნდოდა შეეხედა და ენახა რა შეიცვალა იქ შესვლამდე და მას შემდეგ. იდგა ერთიანად გაშეშებული და საკუთარ ანარეკლს გამჭოლი მზერით მიშტერებოდა.  თვე, ან უფრო მეტი გასულიყო, იმდენი ცვლილება შენიშნა სახეზე უფროსთან ვიზიტის შემდეგ. ფსიქოლოგთანაც ჰქონია ამაზე საუბარი, თუ როგორ ცვლის სახეს ემოციები რამდენიმე წუთში, მაგრამ ის პასუხი ვერ მიიღო ,რომელიც ცნობისმოყვარეობას დაუმშვიდებდა. სამაგიეროდ, დაკვირვებას განაგრძობდა. აი ახლა ყველა მონაკვეთი ჩამოშვებოდა,  კანი დამძიმებოდა. ეცადა ძალით გაეღიმა საკუთარი ანარეკლისთვის. ამანაც რომ ვერ უშველა, ცივი წყალი შეისხა და მხოლოდ წვეთები მოიშორა ხელსახოცით. ეხლა  ისე უნდოდა თავის კაბინეტამდე მისულიყო, რომ არავისზე მოეხდინა დატუქსული და შეწუხებული კაცის შთაბეჭდილება.    დიდი შანსი იყო ვინმე თანამშრომელს სასადილოში შეკრებისას, დანარჩენებისთვის ეს შთაბეჭდილება გაეზიარებინა ჰარპერზე, რაც მის იმიჯზე ცუდად იმოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარპერ ო. ჩვეულებრივზე უფრო საშუალო სამსახურის და  პატრონი გახლდათ,მას სჯეროდა, რომ დიდი საქმეებისთვის იყო დაბადებული და თითქოს ამისთვის გულის სიღრმეში ემზადებაო, ყველა ნაბიჯს შიშით უყურებდა და ზომავდა. ხანდახან, არცთუ ისე იშვიათად, ჰარპერს ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს ვიღაც, ,,ზემოთ’’ მის ბიოგრაფიას წერდა. ეს ფიქრი საბეჭდი მანქანის კლავიშებივით უკაკუნებდა გამუდმებით თავში და იმდენად სჯეროდა ამ შეგრძნების, რომ მუდმივად შიშში იყო რაიმე არასწორი ნაბიჯი არ გადაედგა  და ,,იქ“ ესეც არ დაებეჭდათ. ის სინამდვილეში დიდი ადამიანი იყო- ამას გრძნობდა. სხვები უბრალოდ ვერ ამჩნევდნენ. ისევე როგორც ეს თანამშრომელი ქალი ვერ ხვდებოდა, ახლა წამის წინ რომ ჩაუარა და არც კი მიესალმა. ჰარპერი წამით წარმოიდგენდა როგორ მოვარდებოდა ეს ქალბატონი მასთან ერთიანად ღიმილად ქცეული და რაიმეს სთხოვდა- თუნდაც, ნებართვას მისთვის ყავა მოედუღებინა- ეს მაშინ, როდესაც ყველა გაიგებდა ვინ იყო სინამდვილეში ის.

ვინ არის ჰარპერ ო. ეს ორმოციოდე წლის, გამხდარი და მხრებში მოხრილი კაცი, რამდენიმე ნახვის შემდეგაც კი ძნელად დასამახსოვრებელი იყო. რაიმე გამოკვეთილი ნაკვთი სახეზე არ გააჩნდა და ამის გამო ქურდადაც ვერ გამოდგებოდა. მარტოდ მარტო ცხოვრობდა და ისეთ სამსახურში მუშაობდა, საიდანაც, მხოლოდ სიბერეში გადიან პენსიაში და  თან ისეთი მცირედი დანაზოგით, რომლითაც ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყანაშიც  კი ვერ დაგეგმავდით რიგიან მოგზაურობას.

თუმცა, ჰარპერი სულ არ ფიქრობდა რომ ბებერი, ან უინტერესო ვინმე იყო. როდესაც სამსახურში თათბირზე, ან შუადღისას სასადილოში თანამშრომლებს ხედავდა, სულ იმას ფიქრობდა, თუ როგორ დააღებდა ყველა პირს მისი რეალური აზრები რომ  როგორმე მოესმინათ სხვადასხვა საგნებთან მიმართებაში.  ვიღაცებთან ჰარპერს შედარებთ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მაგალითად, მელოტ ვინთან, რომელიც ჰარპერს ზურგზე ხელის ტყაპუნით ესალმებოდა, ცალ ხელში გამუდმებით ცხელი ყავა ეჭირა და მეორე ხელის ენერგიული მოძრაობით ჰარპერს მისი საშინელი ცოლის შესახებ უამბობდა ხოლმე. ალბათ გადაწყვიტა, რომ ჰარპერს მისი ესმოდა. რადგან, როცა ვინი მისი წამების შესახებ უყვებოდა, ჰარპერი ნაღვლიანი თვალებით უქნევდა თავს. მეორე ასეთი ადამიანი, ვინც ჰარპერის სამსახურში მოსვლა წასვლას ამჩნევდა, ბებერი კარისკაცი ჯონათანი იყო. ჰარპერი დარწმუნებული იყო, რომ ჯონათანი დანარჩენებსაც მასავით ესალმებოდა და ემშვიდობებოდა- ,,აჰ მოხვედი ჰარპერ, შე ყაჩაღო შენა’’-სკოლის მოსწავლესავით შეუძახებდა ხოლმე სამსახურში მისულ ჰარპერს. წასვლისას კი სულ -,,აბა ჰარპერ! ბუმ ბუმს“ ეუბნებოდა. რა იცოდა სინამვილეში ჰარპერი თუ დიდი საქმეების ჩამდენი კაცი იყო. თორემ, ვერც ,,ბუმ ბუმს’’ და ვერც ,,ყაჩაღოს“ ვეღარ გაუბედავდა. ალბათ, დეპარტამენტის უფროსი ლოფრესავით მასაც თავს დაუკრავდა და სიკეთეს უსურვებდა.

ჰარპერმა, ზუსტად იცოდა როდის უნდა დაეძინა, რომ სამსახურში ფხიზლად ყოფილიყო და როდის ესადილა, რათა მოთენთილობა არ ეგრძნო დღის განმავლობაში. იცოდა საკვების რა ნაწილი მოწონდა მის ორგანიზმს და რა წყენდა. იცოდა რომელ ქალზე შეეძლო ეოცნება და რომელი წიგნი წაეკითხა ძილის წინ რომ უშფოთველად დაეძინა. ისიც იცოდა თავისუფალ დღეს რამდენი საათი ესეირნა. თუმცა, არ იცოდა ეს ყველაფერი რისთვის იცოდა. ასე ვთქვათ, არ იცოდა ვინ იყო სინამვილეში ჰარპერ ო. და რა საქმეები ჰქონდა წინ გასაკეთებელი. ამის გამო, ხშირად მიმართავდა გამორიცხვის მეთოდს პირად ფსიქოლოგთან. მაგალითად, ტრანსპორტში რომ ქალს გული წაუვიდა, ეს სულაც არ იყო მისი საქმე და არც დაინტერესებულა, ისე განაგრძო ფანჯრიდან ქუჩების თვალიერება. არც იმ ახალგაზრდა კაცის შეფუცხუნება იყო მისი საქმე, რომელმაც ტროტუარზე მის წინ ქაღალდის მოზრდილი პაკეტი მოისროლა და ჰოთდოგის ჭამა განაგრძო. არც ავტობუსის მძღოლთან კამათი ღირდა მისთვის რამედ, პატარა ბავშვებსაც ფულს ახდევინებდა და არც დეიდა ლუსის განაწყენება მოსდიოდა ჭკუაში მისი უგემური ნამცხვრის გასინჯვისას გული  რომ ერეოდა. თუმცა, დარწმუნებული იყო, მისი ბიოგრაფია, რომელიც ოდესმე მსოფლიოს ყველა სკოლის სახელმძღვანელოში შევიდოდა, ასე დაიწყებოდა- ,,ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა ჰარპერმა, ერთ დღეს…“

ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა ჰარპერმა, ერთ დღეს, როდესაც, ჩვეულებრივ – მაღვიძარას დაასწრო და გაიღვიძა. მერე ჩვეულებრივ ჯიხურში შეიარა და პრესას გაეცნო, ხოლო შემდეგ, სადგურის კიბეებს აუყვა- გადაწყვიტა, მოპირდაპირე მხარეს გადასულიყო და სამსახურისკენ მიმავალი გზის მაგივრად, იმ გზას დადგომოდა, რომელსაც არაოფიციალურად ჩაცმული მოქალაქეები ყოველდღიურად მიუყვებოდნენ.

,,ჰარპერმა გადაწყვიტა, ცხოვრების განსხვავებული მხარეები ენახა“ -გაიფიქრა თავისთვის და გონებაში წარმოსახვით ავტობიოგრაფიას კიდევ ერთი აბზაცი შემატა.

ავტობუსში საქციელი გაუფუჭდა. ეჩვენებოდა, რომ გარშემო ყველა დამნაშავესავით შეჰყურებდა, იმის გამო რაც მან ჩაიდინა. ამიტომ, ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა, ჩემოდანი კალთაზე შემოიდო და თავი შიგ ჩარგო. არ ახსოვდა რამდენი დრო გავიდა, მაგრამ თავი რომ ასწია და მიმოიხედა. ავტობუსი ქვიშიან გზას მიუყვებოდა და მის გარდა მხოლოდ ორი მგზავრი დარჩენილიყო. მძღოლს იმედის ტოლი გამაგრილებელი სახისკენ მიეშვირა და პირში გაჩრილ სიგარას ორმაგი სისწრაფით წვავდა. მაგნიტოფონში დაბალ ხმაზე გაურკვეველი მუსიკა იყო ჩართული. ჰარპერამდე ხანგამოშვებით რომელიღაც სიმიანი ინსტრუმენტის ბრაზიანი ამოკივლება აღწევდა. მგზავრები თვლემაში იყვნენ გართული. მარჯვნივ უშველებელი ხრიოკი მოჩანდა, რომლის ბოლოშიც, ჩამავალ მზეს კლდის უსწორმასწორო თავი ჰქონდა აღბეჭდილი. კლდის ჩრდილი თანდათან ავტობუსის მიმართულებისკენ იხრებოდა და ჰარპერმა გაიფიქრა, რომ იდეალური მომენტები ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება.

გადაწყვიტა მზის ჩასვლამდე ჩამოსულიყო რომელიმე დასახლებასთან და როგორც კი ავტობუსი გზაჯვარედინს მიუახლოვდა, საიდანაც, შორს სხვადასხვა ფორმის ქოხები მოჩანდა,  გასაჩერებელ ღილაკს დააჭირა. გაკვირვებულმა მგზავრებმა და მძღოლმა უცნაურად აათვალიერეს ჰარპერი. მძღოლი იქამდე ვერ გამოერკვა რა უნდა ექნა, სანამ სიგარა ტუჩამდე არ ჩაიწვა. შეცბუნებულმა, ავტობუსის კარი გააღო და ჰარპერამდე ფერფლიანი ტანსაცმლის დასაფერთხად თვითონ გავარდა გარეთ.

ავტობუსის გაჩერებასთან, სადაც ჰარპერი ჩამოვიდა, ჭაღარა მოხუცებული ქალი ქოხის კედელს უძრავად მიყრდნობოდა. მის გარდა გარშემო არავინ ჩანდა და ჰარპერი მისკენ დაიძრა. ერთხანს მონუსხულივით მიაჩერდა, დააინტერესა ცოცხალი იყო თუ არა. დაიძაბა და ნელნელა მიუახლოვდა. მოხუცებულის დამჭკნარ სახესთან ბუზები ირეოდნენ. ერთერთი ქალს თვალთან დააჯდა. უცებ სახე დაეჯღანა და ცალი თვალი გაახილა. როგორც ჩანს, არ უნდოდა ბოლომდე გამოფხიზლება ტკბილი თვლემიდან, თუმცა სულ ახლოს მდგარი ჰარპერის დანახვაზე ორივე თვალი სწრაფად ჭყიტა. ჰარპერიც მოულოდნელობისგან შეხტა,  შემდეგ მალევე გამოერკვა, ქალს მოუბოდიშა და ჰკითხა რა დასახლებაში მოხვდა და სად შეეძლო ღამე გაეთია. მოხუცებულმა, ცოტა ხანს უყურა უცნაური შუშის თვალებით და მალევე ისევ ძილი განაგრძო. ჰარპერმა იფიქრა გიჟიაო და მეტი აღარაფერი უკითხავს. წელში გასწორდა და ირგვლივ მიმოიხედა. უფანჯრო ქოხებს კარის მაგივრად გამჭირვალე ქსოვილი ეკიდა. არცერთი მხირდან ხმაური არ ისმოდა. თითქოს, აქაურობას რაიმე მძიმე სენი დაატყდაო თავს. რა გაეწყობა, თუ არავინაა მაშინ ნებისმიერ ქოხს მივაშურებ და ღამეს გავათევო- იფიქრა. საერთოდაც, ქალაქის აწყობილი ცხოვრების რიტმის და საკუთარი გაწერილი გრაფიკის შემდეგ, ასეთ უეცარ გადახვევაზე, ცოტა ხნის წინ გმირობად რომ მიაჩნდა, ახლა საკუთარ ერთერთ მეს ეთანხმებოდა. რომელიც  ამტკიცებდა, რომ ბავშვურად და უაზროდ მოიქცა და თუ გაქცევა უნდოდა საქმეებიდან, ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევას, ჯობდა კუთვნილი შვებულება მიეღო. ჰარპერი ისე გაღიზიანდა ამაზე ფიქროთ, რომ ხმამაღლა დაიწყო მსჯელობა. ცქმუტავდა, ბრაზობდა და ხანგამოშვებით ხმამაღლა შორისდებულებს ყვიროდა -,,….უხ… ოხხ…”  მისი ერთერთი მე კი დანდობას არ აპირებდა. დიდიხნის დუმილისა და ცდის შემდეგ, როგორც ჩანს გადაეწყვიტა ბოლომდე გაეცამტვერებინა დანარჩენი მე ჰარპერში.

– იცი ყველა როგორ მიყურებს!  ისიც იცი, ფიქრობენ რომ ნორმალური არ უნდა ვიყო…

– ჰოო ეგრეა…მერე?კბილებს აკრაჭუნებდა ჰარპერი სიბრაზისგან და უსუსურობისგან და გაურკვეველ მიმართულებებს ირჩევდა ჩქარი ნაბიჯით რომ ევლო და თან საკუთარ მეს ხმამაღალ პასუხებს აძლევდა.

– ახლა გაღიმებულები, ნიშნისმოგებით მეტყვიან რასაც ფიქრობენ ჩემზე და ამ სიტუაციაში, როგორშიც  მე ვარ მართალი იქნება ყველაფერი. ისინი გაიმარჯვებენ გესმის? კარისკაცი ჯონათანივით მიჩვენებენ ხელს და -,,აბა ჰარპერ ბუმ ბუმს’’ მეტყვიან. გულთბილად გამიღიმებენ, რომ ერთმანეთს უჩვენონ როგორ ვებრალები”

– მერედა მე მათ ვუმტკიცებ რამეს?-აღმოხდა ისევ ხმამაღლა.

– მე მათი ნაწილი ვარ. ეს როლი დაბადებიდან მერგო. ის არც დამსახურების მიხედვით მოუცია ვინმეს და არც იმიტომ, რომ მე მას კარგად მოვერგებოდი.

– ჰო, მაგრამ… მე არასდროს ვემორჩილები ვინმეს და არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება ჩემი თავის გარეშე!

– იქნებ დროა გავიზარდოთ ჰარპერ ო. ! იქნებ მივხვდეთ, რომ არც რეჟისორის გარეშე მიმიღია გადაწყვეტილება.

ჰარპერმა, კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ამოიოხრა და ერთერთ ქოხზე დაკიდებული ქსოვილი გადასაწია რომ შესულიყო. ქსოვილი სველი აღმოჩნდა და შემცბარი ჰარპერი უცებ გამოფხიზლდა. გარეთ უკვე საკმაოდ მობნელებულიყო.  სველი ქსოვილი კიდევ მოსინჯა ხელით და მიხვდა, რომ ძალიან მოწყურებოდა.  შიგნით შევიდა და ქოხს თვალი მოავლო. მარჯვენა მხარეს, ქოხის ბოლოში ტახტი იკვეთევოდა სიბნელეში. მის გამოყოლებაზე, ჰარპერის მოპირდაპირედ, ქვები ისე იყო დაწყობილი. რომ სწორ ზედაპირს ქმნიდა და ჰარპერმა ზედ ხელადა დალანდა.  გადააყირავა, სითხეს დააკვირდა და დაყნოსა -წყალი იყო. ხელადა სულმოუთქმელად დაცალა. ,,აი ამისთვის ღირდა ყველაფერი ”-გასცა პასუხი ერთერთ მეს ხმამაღლა და სიბნელეში ცალი თვალი ჩააპაჭუნა.,,რა გგონია, დღეს აქ რომ არ წამოვსულიყავი, ჩემი ბიოგრაფია ვინმესთვის საინტერესო იქნებოდა?”  უცებ შიშისაგან შეხტა-სიბნელიდან ხმები მოესმა. გაოგნებული ბნელ კუთხეს მიაჩერდა.

,,რენდელი, მოხვედი?’’- გაისმა ქალის ნამძინარევი ხმა სიბნელეში ად ფიცრები აჭრიალდა. ვიღაცამ ტახტზე გვერდი მოინაცვლა. ჰარპერი გაინაბა, ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე და უკან კარისკენ დაიძრა.  ძალიან ნელა დგამდა რბილ მიწაში ხან ქუსლს და ხან ცერს და ნელნელა  გარეთ გამოაღწია. ქალს ხმა აღარ ამოუღია. ჰარპერი უკვე გარეთ იყო, ვერ მიმხვდარიყო სად მოხვდა. სიბნელის მიუხედავად   სინათლე არცერთი ქოხიდან არ მოჩანდა. ჰარპერს სიბნელეში უცნაური ფორმები ეჩვენებოდა.  ზუსტად მის წინ  ერთერთი მუქი ლაქა სიბნელეს გამოეყო და მისკენ უხმაუროდ წამოვიდა . ჰარპერი შიშისგან ნელნელა მოიხარა და ერთიანად ყველა კუნთი აუთრთოლდა. გონებაში ციტატამ გაირბინა-,,ჰარპერ ო. გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა…?”

-ვინ ხარ?

-რენდელი. უპასუხა სუსტმა, მოგუდულმა ხმამ– ეტყობოდა ამ ხმის პატრონი  იმავდროულად გემრიელად ამთქნარებდა.

ჰარპერს ქოხში მძინარე ქალი გაახსენდა. რენდელი არც დაინტერესებულა მისით, ერთხანს იდგა მის წინ. ნელნელა სიბნელეში მისი თმა და სხეულის კონტურები გამოიკვეთა. ჰარპერს ისეთი შეგრძნება ჰდაეუფლა, რომ მის წინ უწონო სხეული ჰაერში ლივლივებდა. კაცმა, კიდევ დაამთქნარა, თავი ჩაღუნა, ჰარპერს შემოუარა და ქოხში გაუჩინარდა. -რენდელი მოხვედი?-იკითხა ისევ იმავე ხმამ. არავის უპასუხია. მხოლოდ ხის საწოლის გაჭრიალების ხმა იყო რომელიც მაშინვე მიწყდა.

❊❊❊

სცენაზე, მხოლოდ ერთადერთი სკამი იდგა. მის გარშემო, სიბნელეში, სხვა არაფერი ჩანდა. სკამისკენ ზემოდან, თბილი განათება იყო მიმართული, ხოლო გარშემო, სრული წყვდიადი, თითქოს განუწყვეტლივ ჭიდილში იყო ნათების არც ისე ძლიერ კონტურებთან, რომელიც სცენაზე ზარის ფორმას ქმნიდა.

დარბაზში ხმაური უცებ მიწყდა, როცა სკამთან ახლოს ფეხები გაჩნდა და შემდეგ სიბნელიდან ვიღაცის სხეულმა გამოაღწია. მისი მუქი ტანსაცმელი, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა თითქოს ისიც წყვდიადის ნაწილი იყო და დროებით მოევლინა დარბაზში მყოფთ. კაცი სკამზე ჩამოჯდა, ხელები მუხლებზე დაილაგა და მშვიდი სახით, ოდნავ დაძაბული მზერით ხალხს თვალი მოავლო. სცენის წინ ისხდნენ ადამიანები, რომლებიც საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს. მსგავსება არა გარეგნობაში, არამედ იყო მათ ბუნდოვან, სევდიან მზერაში. ყველა საოცრად მოქანცული და გაწამებული სახით იჯდა და თვალებში უკიდეგანო მოლოდინი და მოთმინება ჩადგომოდა.

,, მე თქვენ არ მომიწვევიხართ და დღეს ჩემგან ვერაფერს მოისმენთ, რისი მოსმენაც თქვენ გულებს ეამება. შეგიძლიათ წახვიდეთ! “- თქვა კაცმა მბრძანებლური ტონით. სიჩუმე, რომელიც მის შემოსვლას მოჰყვა მაშინვე სხვადასხვა კუთხეში წამოწყებულმა ჩურჩულმა დაარღვია. ,,თუმცა, შემიძლია გიამბოთ სხვადასხვა საინტერესო საგნებზე, რომლებმაც შესაძლოა საკუთარ მდგომარეობაში ჩაგახედოთ.’’ ჩურჩული კვლავ მიწყდა.

-ერთ ერთ მოწინავე ქვეყანაში, რომელიც აქედან ძალიან შორსაა- დაიწყო მან- და მეთევზეობა, თავის რჩენისთვის ძირითადი საქმიანობაა, ცხოვრობს გამომგონებელი. თავდაპირველად, როცა ამ კაცმა ბევრი იფიქრა, თუ რა გამოეგონა ფულის შოვნის მიზნით, რამდენიმე საგანი შექმნა. მათ შორის – კოვზი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ჩანგლად და დანად იქცეოდა. რათქმაუნდა, ეს ვერაფერი გამოგონებაა, მაგრამ იმ აზრით, რომ ერთის ფასად სამ ნივთს ყიდულობ და ფულს ზოგავ, მან არცთუ ისე ცოტა ქონება დააგროვა და გამომგონებლის სახელიც დაიმკვიდრა. შემდეგ, ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე მსგავსი გამოგონება, რომელიც ერთი შეხედვით ადამიანებს ყოველდღიურ ყოფას უადვილებდა. თუმცა, მალევე დაფიქრდა, რომ ტვინს ზედმეტად იტკიებდა გამოგონებებით.

ცოტა ხანში, გავრცელდა ხმა, რომ კაცმა ახალი საგანი შექმნა, რომლის გაყიდვასაც დიდ ფასად აპირებდა. გამოგონება მდგომარეობდა აპარატში. ის წყალში ცურავდა და თევზებს აპარატზევე დამაგრებულ უზარმაზარ ბადეში იგროვებდა, გადაამუშავებდა და სრულიად მზა პროდუქტს ამზადებდა. მეთევზეები ამის გაგებამ ძალიან შეაწუხა. რადგან, იქ მოსახლეობის უმეტესობას, როგორც გითხარით, ამ საქმიანობიდან ჰქონდა შემოსავალი. ამიტომ, რამდენიმე დღეში, მეთევზეები გამომგონებელთან შეხვედრის იდეით გაერთიანდნენ და დიდი ხვეწნის შემდეგ  ისიც დაითანხმეს, რომ მოლაპარაკება გაემართათ. გამომგონებელმა თავის მხრივ თქვა, რომ   რამდენიმე ადამიანი, მზად იყო ეყიდა მისი გამოგონება დიდი თანხის სანაცვლოდ. რომელსაც, ისინი ვერასდროს შეწვდებოდნენ. გამომგონებელი აშკარა და ცინიკური ღიმილით უყურებდა მეთევზეთა საცოდავ სახეებს. მათ მზერაში, შიში და მუდარა ძლივს აკავებდა სიძულვილს და სიბრაზეს. მათ, მომავალი მდგომარეობის აწონ-დაწონვის შემდეგ, ასეთი რამ შესთავაზეს გამომგონებელს – ისინი, ყოველდღიური შემოსავლის 30 %-ს გადაუხდიდნენ. სანაცვლოდ, კაცი საკუთარ გამოგონებას და იდეას არავის მიჰყიდდა. ცოტა ვაჭრობის შემდეგ, შეთანხმებამ 70 % ზე გადაინაცვლა. ამ გზით, მეთევზეებს მხოლოდ თვითან თვემდე თავის გატანა შეეძლოთ. ხოლო, იმისთვის რომ რაიმე შენაძენი შეეტანათ ოჯახებში, რამდენიმედღიანი შიმშილი უნდა აეტანათ. ამ ყველაფერს, მათ გამომგონებელი გაბადრული სახით უნმარტავდა და თან სიას ადგენდა -ვის როდის მოეტანა გადასახდელი.

ვისთვისაც ცოტა ბუნდოვანია ეს ყველაფერი-გამომგონებელმა, მეთევზეებისთვის შიშის გრძნობა შექმნა, რომელიც საკუთარი შრომით ლუკმის შოვნის შესაძლებლობას გაუჩნდა მათში. შეუჩვეველმა შიშის გრძნობამ, რომელიც მანამდე ,მხოლოდ სიკვდილს თუ შემოჰქონდა მათში, ადვილად დაძლია გონი. მსგავსი აპარატი, ალბათ ხვდებით, რომ არც არასდროს შექმნილა- კაცმა კიდევ მოავლო თვალი დარბაზს, წამოდგა და ისევ წყვდიადში გაუჩინარდა.

დარბაზში მყოფნი ერთხანს ერთმანეთს მიაშტერდნენ ოდნავ შეცვლილი მზერით. მათ თვალებს ახლა დიდი გაკვირვებაც შეემატა. ყველა მხრებს იჩეჩავდა და თავს აკანტურებდა. ნელნელა ასე თავის კანტურით დარბაზიდან გალაგდნენ…

,,ჰარპერი, საბოლოოდ მიხვდა საკუთარ დანიშნულებას და ადგილს”-გაიფიქრა ჰარპერმა და ფრთხილად მიმოიხედა ჩაბნელებული სცენიდან დარბაზში. ისე, თითქოს ეშინოდა ხმამაღლა არ წამოსცდენოდა ეს და მშვიდ წყვდიადში სინათლეს არ ეფეთქა.

❊❊❊

თავიდან რენდელი გამოვიდა. უკან ქალი მოჰყვებოდა გავის ქანქარით და წინ გაშლილი ორივე ხელით უზარმაზარი თავშალი ეჭირა, რომელიც ვერაფრით გადაიგდო თავს უკან და ამის გამო ხვნეშოდა. ჰარპერის წინ შეჩერდა და დიდი ხნის უნახავი ახლობელივით მომღიმარ-გაკვირვებულმა შეათვალიერა ხელის ჩამორთმევისას.  ჰარპერმა, ცოლ-ქმრის ხელზე საოცრად უხეში კანი იგრძნო და გააჟრჟოლა. შემდეგ, რენდელი გვერდში ამოუდგა მას და გზას საუბრით გაუყვნენ.  ცოლიც უკან აედევნა . ქოხებიდან ნელნელა გამოდიოდნენ ადამიანები. ჰარპერს მოეჩვენა, რომ ყველა ერთი სიმაღლის იყო. ყველას ერთნაირად გაშეშებული მზერა ჰქონდა და რეტიანებივით მოძრაობდნენ. გაკვირვებული, ხან მათ და ხან რენდელის და მის ცოლს უყურებდა. რენდელიც, ჯარისკაცივით გაზუთხული მოძრაობებით ესალმებოდა მათ. არცერთი ზედმეტი გადახრა არ იყო მის მოძრაობაში.

ჯერ ცოლი ჩაუშვა, შემდეგ ჰარპერს შემოახვია თოკი და ისიც ორმოში ნელნელა გაუჩინარდა. ჰარპერმა იგრძნო  გაურკვეველი მძაფრი სუნი და ნესტი.  ცოტა ხანში, რენდელიც ჩამოეშვა. ჰარპერის ჩასვლამდე, ცოლს უკვე მოესწრო კვარის ანთება.,,ყველაზე უკეთ ფიჭვი იწვისო”-განუმარტა ჰარპერს, როცა დაინახა როგორ მიშტერებოდა ის სუსტ ცეცხლს.  ადგილი, სადაც იმყოფებოდნენ მცირე მოედანივით იყო. ჰარპერი ბოლომდე ვერ იმართებოდა, რენდელი და მისი ცოლი, კი ზუსტად იმ სიმაღლის იყვნენ რამხელა ჭერიც ჰქონდა ქვაბულს. სანამ მათ სამუშაო იარაღები აიღეს, ზემოდან კიდევ 20 მდე ადამიანი ჩამოვიდა. ყველამ კვარი აანთო პირველ რიგში და მიწისქვეშა მოედანი უეცრად სადღესასწაულო დარბაზს დაემსგავსა, სადაც, თითქოს რაღაც იდუმალი რიტუალი იწყებოდა. ზემოდან უკეთესი დასანახი იქნებაო- გაიფიქრა ჰარპერმა. მოედნიდან ერთ ერთი ვიწრო გასასვლელს გაუყვნენ. სამივეს თოკი შემოეჭირა წელზე და ერთმანეთის გვერდიგვერდ მიდიოდნენ.,, ამის იქით, კვარი ვეღარ იწვის, ჟანგბადია ცოტა.’’-მოუტრიალდა რენდელი ჰარპერს. კვარი ოდნავღა ბჟუტავდა. რენდელმა ჩააქრო და ჩანთაში შეინახა. სრული სიბნელე ჩამოწვა. ნელნელა გაუყვნენ სველ დერეფანს ხელების ცეცებით. რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ, ჰარპერის თვალებიც შეეჩვია სიბნელეს და სხეულების გამორჩევა შეძლო. გაჩერდნენ, მათ წინ კედელი იყო აღმართული. რენდელი დაიხარა და გადაკიდული მძიმე ჩანთა ძირს დადო. შიგნით ხელი მოაფათურა და ორი წერაქვი ამოიღო. სიბნელეში, რომელშიც საოცრად ჰარმონიულად იყო შეეწყმული სიჩუმე ყრუ კაკუნი გაისმა.

ჰარპერმა ნახა, თითქოს მისი უფროსი, მელოტი ვინი, ჯონათანი და დანარჩენი თანამშრომლები მის გარშემო იყვნენ შეკრებილნი. უფროსი ხარხარებდა და მისკენ ჰქონდა საჩვენებელი გაშვერილი- ,,შეხედეთი ერთი!’’-ყვიროდა ის-,, ამას ჰგონია, რომ ჩვენ გვჯობია… მე, ვინც 28 წელია ღამეს და დღეს ვასწორებ რომ ჩვენ საზოგადოებას ვემსახურო ჩემი საქმით, მას თურმე არ მოვწონვარ. ამას შეხედეთ… ეხლა კი ეცოდინება ვინაა და რა შეუძლია.” დანარჩენები სიცილად დაღვრილი თვალებით ეთანხმებოდნენ უფროსს და ჰარპერს ნიშნისგებით უყურებდნენ. შემდეგ, ჰარპერმა სახეზე წყლის შესხმა იგრძნო. თვალი რომ გაახილა ,მზე ზუსტად მის ზემოთ ეკიდა და მაშინვე დააბრმავა. ცოტა ხანში, ისევ დაახამხამა თვალები და მიმოიხედა. რენდელი, მისი ცოლი და კიდევ შვიდიოდე ადამიანი მის თავთან დახრილიყვნენ. როგორც ჩანდა, ჰარპერის მიუჩვეველმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო მიწაში ყოფნას და რამდენიმე ორგანომ პროტესტი გამოუცხადა. ,,სახლში დაისვენეთ ჩვენთან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიდი დრო დავკარგეთ, ამაღამ გვიან მოვალთ.’’-უთხრა  ნაღვლიანი, მშვიდი ხმით რენდელიმ და შებრუნდა. დანარჩენები უკან მიყვნენ. ჰარპერი წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ძალიან სუსტად იგრძნო თავი და ისევ ცხელ მიწას დაუბრუნდა. ოდნავ თავწამოწეული უყურებდა როგორ ეფარებოდნენ თვალს ადამიანები მის წინ გამოქვაბულში.

საღამოს, ქოხში ჰარპერმა რენდელის კვარის ანთება სთხოვა. რენდელი დაიბნა, ჯერ ცოლს გახედა, შემდეგ ჰარპერს. მერე ჩანთიდან კვარი ამოიღო და აანთო. რენდელი მას სინანულით უყურებდა. გრძნობდა ამის გამო უსიამოვნება ელოდა. თუმცა, ჰარპერის რცხვენოდა.

– გადავწყვიტე დავრჩე. თქვა ჰარპერმა.

– როგორც გინდა- რენდელი ამთქნარებდა. ჩვენ უნდა დავიძინოთ.

– შენ რატომ მოხვედი? ცუდად იყავი იქ?-რენდელი გაწყრა და კვარი სახეზე მიაშუქა . ჰარპერი გაკვირვებული მიაჩერდა.

– მე იმიტომ მოვედი, რომ ეს მეთქვა თქვენთვის და ცხოვრების განსხვავებული მხარეები მენახა.

– ვინ გამოგგზავნა?

– არავინ, მივხვდი, უბრალოდ მივხვდი, რომ თქვენ მე გჭირდებით.

– ჩვენ აქამდეც კარგად ვიყავით და არც ეხლა ვაპირებთ რაიმეს შეცვლას.რენდელი შებრუნდა. კვარი ჩააქრო და ცოლთან ერთად დასაწოლად მოემზადა. -თუ გინდა დარჩი მაგრამ იგივეს კეთება მოგიწევს. აქ სხვანაირად ისე ვერ იცხოვრებ. სიჩუმე ჩამოწვა.

გვიან ღამით, საოცრად რეალურ სიზმარს რომ ხედავდა ჰარპერი, გრძნობდა გონების ნაწილი ფხიზელი იყო. მხოლოდ, იმ დონეზე, რომ სიზმარში ცვლილებების შეტანა სურვილის მიხედვით შეეძლო და საოცარი ამბები გამოსდიოდა იმ რეალობაში. გარკვეული შუალედი იპოვა. როცა ემოცია პიკს აღწევდა, ხვდებოდა, შესაძლებელი იყო გამოფხიზლებულიყო და  სიზმარში შესაბამისად, მანამდე ცვლიდა წარმოსახვით სურათებს. ერთი თავგადასავლიდან მეორეში გადადიოდა და მთელი ორგანიზმი ნელნელა ბედნიერებით ევსებოდა. სულ ბოლოს დიდი დარბაზი ნახა, საოცარი განათებებით და უამრავი ხალხით. რამდენიმე ეცნო კიდეც. მის გამოჩენაზე ყველა მოტრიალდა, თავი დაუკრა და ტაში დაუკრეს. უღიმოდნენ, ოღონდ ვერცერთ სახეზე სიყალბე ვერ შენიშნა. ტრიბუნასთან პესნემომარჯვებული ასაკოვანი მამაკაცი, ხმამაღლა კითხულობდა ტექსტს ფურცლებიდან. ჩამთავრებისას მქუხარე ტაში დაუკრეს. კვლავ ჰარპერს უყურებდნენ. ჰარპერს კაცის ხმა ძალიან ეცნო, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან ახსოვდა. მხოლოდ ცალკეული სიტყვები ესმოდა.  გონება სულ უფრო მეტად დაძაბა, რამდენიმე ვარიანტი მოსინჯა და მიხვდა, რომ უკვე ფხიზელი იყო და თვალებიც გახელილი ჰქონდა. ჯერ კიდევ ბნელოდა გარეთ.

უცნაურია-გაიფიქრა ჰარპერმა.-ისინი ფიქრობენ, რომ ნაღდი ცხოვრებით ცხოვრობენ. მე, როგორც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, წარმავალი, ჩემი ცხოვრება კი რეალობისგან მოწყვეტილი ეჩვენებათ. ჰგონიათ, რომ მთავარი მოქმედი პირები ამ სცენარში თვითონ არიან. სცენარი  რითი და ვისით მთავრდება, ამაზე წარმოდგენა არ აქვთ… სიბნელის გამო თამამად გაიღიმა და მაშინვე მოიღუშა.ეგონა, ეს ყველაფერი ხმამაღლა წამოსცდა და ქოხის ბოლოში ტახტისკენ მზერა დაძაბა.  მშვიდად ფშვინავდა ცოლ-ქმარი.

დატოვე კომენტარი