საბოლოო წერტილი


ჩაბნელებულ ქუჩას ორნი გამოეყვნენ. თანაბარი ნაბიჯებით მოდიოდნენ, ულაპარაკოდ. უსიცოცხლო სახეზე  მხოლოდ მიმქრალი თვალები უმოძრავებდათ. თანაბარი ნაბიჯებით გადაჭრეს ქუჩა და ავტობუსის ქაჩერებაზე ჩამოსხდნენ. ხნიერმა სიგარეტს მოუკიდა.

– დღეს ცოტა ბევრი მოგვიწევს…ხვალ რომ გაწვიმდეს საქმე არ უნდა გაგვიჩერდეს.

– მერე? მოასწრებს გაშრობას?

-ეხლავე ავურევთ და დავასხავთ. დილამდე გაშრება და მერე თუნდა იწვიმოს. უკვე ფილები დარჩება და მოვრჩებით.

ახალგაზრდა ჰორიზონტს მიაშტერდა. – რა უნდა ვქნათ?

– რაზე?

– საერთოდ…

– არ ვიცი, ნუ ფიქრობ მაგაზე.

– აბა რაზე უნდა ვიფიქრო? საერთოდ რატომ მივდივართ?

– წესია ასეთი. არ დაიწყო ისევ.

– შენ უარესს აკეთებ!

– მე იმას ვაკეთებ რაც მავალია ამ დროს და აღარ მინდა ერთსა და იმავეზე კამათი. ხომ იცი რომ არ მოეწონებოდა.

– არც ის მოეწონებოდა რასაც აკეთებ!

– რა გინდა გამაგებინე რა?

– სისულელეა, წავიდეთ სახლში.

– წადი. მე ავალ

– წამოდი ჩემთან ერთად…

– მე ავდივარ შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი.

ავტობუსი გაჩერდა. ხნიერი მძიმედ წამოდგა, შვილს შეხედა თვალებში და ავტობუსში ავიდა. ბიჭმა თვალი გააყოლა, მძიმედ ამოისუნთქა და უკან მიჰყვა.

 

გორაზე ნისლი ჩამოწოლილიყო და გარშემო ჩქამი არ ისმოდა. გამაყრუებელ სიცარიელეში დრო და დრო  მძინარე ყვავებივით ჩნდებოდნენ შავი ქვები. რომლებსაც ნისლისგან დაცვარული სახეები უსწორმასწორო ლაქებად ეხატათ. მამა შვილი წამით შედგა. მიწას დააცქერდნენ. ჩავარდნილა- თქვა კაცმა და ნიჩაბი მოიმარჯვა.

მიწა მოასწორეს. საცოდავად გამოიყურებოდა ქვის მარცხენა მხარეზე დახატული ადამიანის დანამული სახე. მარჯვენა მხარეს დარჩენილი ქვის ცარიელი მხარე კაცს ეკუთვნოდა. კაცმა მოინდომა ასე. თავისი ჯერიც ხომ დადგებოდა. ეს ჩვეულებრივი სიმართლე, ცოტა უცნაური იყო ბიჭისთვის. მამისთვის უკვე უბრალო ამბავი. უმეტესობა ასე იქცევა. მაგრამ ხანდახან მაინც მოდიოდა ხოლმე მძიმე ფიქრი კაცთან, რომ იქ სადღაც გორაზე ქვა უცდიდა. მარგილზე თოკით დაბმული საქონელივით გახდა. სადაც არ უნდა წასულიყო, გარშემო რამდენიც უნდა ემოძრავა. ის იყო ცენტრი და იქ დაბრუნება მოუწევდა. ბიჭი  ვერ ეგუებოდა ამ ამბავს, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა მამა მართალი იყო.

 

მესამე დღეს გაწვიმდა. რომ გადაიღო ავიდნენ. მიწას დიდი ბზარი დარჩენოდა. მშრალი მიწა მოიტანეს და მოასწორეს. ქვა მზეს ირეკლავდა და კაცს მისი სიცარიელის გამო აღარ დაუფლებია ის გრძნობა, რომ იქ მისი სახე უნდა ყოფილიყო…

– ახლა რა უნდა ვქნათ?იკითხა ბიჭმა

– ახლა, წავიდეთ სახლში.

– მაგაზე არ გეკითხები, საერთოდ…

– ე, ეგ რომ ვიცოდე…

– აღარ ამოვიდეთ აქ. თავს რატომ იტანჯავ

– ის აქ არის. აბა სად უნდა წავიდე

– ის აქ არ არის, ის ჩვენთან დარჩა, შენში და ჩემში და იცი შენ რომ მართალს გეუბნები. აქ ამოსვლისას ყოველ ჯერზე ახლიდან ეგუები მის სიკვდილს და შენში რაც დარჩა იმასაც კლავ.

კაცმა გვერდით გაიხედა– მომატებიაო კიდევ საფლავები– ჩაილაპარაკა თითქოს ამ დაკვირვებას რაიმე მნიშვნელოვანი უნდა გადაეწყვიტა. ცრემლი რომ შეაშრა კვლავ მოიხედა და შვილს თვალებში ჩააცქერდა. აღარაფერი უთქვამს დახარა თვალები და ნიჩაბის წმენდას შეუდგა.

 

რამდენიმე წლის მერე ქვაზე მეორე გამოსახულება გაჩნდა. შემდეგ კი ახალი ქვა, მარცხენა მხარეს ახალგაზრდა ქალის ნახატით. ყოველ დღე ამოდიოდა ბიჭი და ერთხანს საფლავთან გარინდებული იჯდა. ისინი– ქვაზე, მის გულში იყვნენ, მაგრამ მაინც ასე უფრო გრძნობდა სიახლოვეს. ცრემლმორეული გლეჯდა ამოსულ ბალახს წვიმის შემდეგ და მიწას ეფერებოდა. აქ იყო ცარიელი ადგილი  მშობლების ქვის გვერდით მეუღლესთან და ეს მისთვის განკუთვნილი იყო– საბოლოო წერტილი. მამა რას გრძნობდა მერე მიხვდა, როცა მის გარეშე დაიწყო ცხოვრება. ქვემოთ, ქალაქში, ქალიშვილი უცდიდა. მამას ვერ უგებდა და თავიდან ერიდებოდა შეკამათება. გრძნობდა ძალიან ფაქიზი თემა იყო. მერე და მერე კი ძალიან ბრაზობდა მის ახირებულ ქცევაზე. კაცს  ეს ადგილი ეძახდა სადაც უნდა ყოფილიყო. რა საქმეც უნდა ეკეთებინა, ვერაფრით დაივიწყა საბოლოო წერტილი. მასთან თითქოს მიბმული იყო უხილავი საბმელით, რომლის მტკივნეული ყულფიც მხოლოდ მაშინ არ უჭერდა ყელზე, როცა ცენტრთან ახლოს იყო. იცოდა, მალე ახალ ქვაზე მეორე გამოსახულება გაჩნდებოდა– წესი იყო ასეთი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s