გატეხილი კრამიტიდან წყალი ჟონავს…


    ყველაფერი იმავე განლაგებით დგას ოთახში. სახლის სუნიც იგივეა- მშობლიური.    კარის შეღებისთანავე, პატარაობისას, სოფელში განვლილმა წლებმა თავად შემომიღო კარი გონებაში. ნივთები კართან დავაწყვე და ოთახი მოვათვალიერე. სარკიანი კარადა-პაპას ნახელავი-ისევ ისე გამოიყურება. სარკეც ისეთივე უცნაური იყო, როგორც უწინ. ყველა საგანს თავისებურად ირეკლავდა. მე, ყოველთვის უფრო მაღალი და გამხდარი ვჩანდი. კარგი გასართობი იყო ბავშვობაში, დილაობით საწოლიდან ჩემნაირ, ცოტათი სხვანაირ ტიპს რომ ვეჭყანებოდი..და ვოცნებობდი ძმა მყოლოდა.

 ოდესღაც ჩამოსული წვიმის გამო,  შეთეთრებულ ჭერზე გამონაჟონი უფორმო ყვითელი ღრუბლებივით იყო გადღაბნილი. წყალი ჩამოვიდა თუ არა, სახურავზე გატეხილი კრამიტი შევცვალეთ. მას მერე, აღარც შეცვლილა ლაქების ფორმა. მხოლოდ ოდნავ შეპარვოდა სიფერმკრთალე.

საწოლზე წამოწოლილი თუ კარგად დააკვირდები, უამრავი ფიგურის პოვნა შეიძლება.  ერთ კუთხეში, რკალის ფორმის ლაქა, ნავს ჰგავს. ზემოდან ადამიანის თავივით ადგას დიდი წერტილი და გვერდით, მოსასმელად მოზიდული ნიჩაბს მოგაგონებთ მოგრძო ლაქა.  მეორე, უფრო მოზრდილ ლაქაზე, ფაფარაშლილი ცხენი დახატა წვიმამ. კრამიტის გამოცვლამდე, წვიმების დროს, რამდენიმე ფიგურამ ფორმა შეიცვალა.. ცხენიც წინათ, დიდ, მეცვხარე ძაღლს წააგავდა.. მერე უფრო  გაიწელა და ფაფარიც წამოეშალა.. ახლა, ზღვის სანაპიროზე მიქრის ჩემი ნაპოვნი ულაყი.

 სულ მინდოდა მთელი ჭერი და კედლები მომეხატა. ვფიქრობდი, რომ წვიმაზე უკეთესად მე გამომივიდოდა. ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო მოსაწყენი, ერთფეროვანი კედლები და ჭერი…  ჩემი მცდელობის შედეგი -,,მზის ჩასვლა ზღვაში”, ისევ დარჩენილია ერთ ფანჯარაზე. თუმცა, დიდებს რას გაუგებ. მაშინვე მკაცრად ამიკრძალეს ოთახების გალამაზება.

დილაა, ვწევარ და მივჩერებივარ ნაცნობ ფიგურებს. რომლებიც, კარგად დამახსოვრებული ინსტიქტივით, არ დავიწყებია გონებას და არც მოძებნა გასჭირვებია. ისინი უცვლელად არიან ზემოთ.. კაცი ისევ დაუსრულებლად უსვამს ნიჩაბს და ულაყიც ფაფარაშლილი მიქრის ზღვის ნაპირზე.

 ბავშვობიდსდროინდელ აღმოჩენებს ვაკვირდები, წინათ სულ სხვა განცდა მქონდა მათი თვალიერებისას. ახლა ვეღარ ვიგრძენი…. ალბათ, არსებობს საგნები ცხოვრებაში, რომლებიც არ იცვლებიან.  უყურებ მათ უცვლელ სახეს და ადვილია დაინახო განსხვავება, ადრინდელ და ახლანდელ ,,მეს’’ შორის. ემოცია, ამ საგანთან დაკავშირებული, ადვილად ჩაიბეჭდბა გონებაში. ეს სუნი, სოფლის სახლში, ლაქები ჭერზე, უზარმაზარ სხვაობას მიჩვენებს, ახლანდელ და წინანდელ მეს შორის.

ყველაფერი თითქმის იგივეა გარშემო.. სოფლის ბირჟას, კვლავ ამაგრებს დიმბო – ისევე როგორც ოცი წლის წინ. ზის, ჯაყვა უჭირავს ხელში და კაკალს წენგოიანი ქერქისგან არჩევს. მე შევიცვალე.. აღარ ვუყვები ლექსებს ქვაზე შემომდგარი. ისიც აღარ  მგზავნის ცივი წყლის მოსატანად წყაროზე-ეხათრება. ბლის ტოტებს ტკაცა-ტკუცი გაუდის რომ შევდგები. წინათ, ,,შტაბი” მქონდა მის დიდ ტოტებზე მოწყობილი. მომწონდა, ,,კალე ბლუმკვისტივით” მეც რომ მქონდა ჩემი საიდუმლოებები და სამალავები.

 წლების მომატებასთან ერთად, ნიკოტინით და ალკოჰოლით იჟღინთავ ორგანიზმს და ცდილობ უფრო მალე იყო დიდი. ბოლოს წარმოუდგენელიც კია, რომ შენც იყავი ბავშვი- სუფთა სულით და უდარდელი.   ძველი ლაქები, ნელნელა კარგავენ სიმკვეთრეს. ნეტავ, სიბერეში სულ თუ ქრებიან?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s