Made-in-China


ლი რომ დაბადებულიყო, ამისთვის ორი რამ იყო საჭირო მისი აზრით. მუსიკა და უამრავი ადამიანი. სახელი ბოშა ქალმა დაარქვა, როცა ავტობუსში იმშობიარა და იქვე დატოვა კიდეც ჩვილი. ლის დასაბადებლად სწორედ იდეალური გარემო იყო. მძღოლი მაგნიტოფონში როკს აწივლებდა და თავდავიწყებას იყო მიცემული. გაჩერებაზე ავტობუსის ამოსასვლელთან ქალი მუჯლუგუნებით იბრძოდა რომ როგორმე ასულიყო და ბარგიც აეთრია. ისე გამალებით მიიწევდა შიგნით, თითქოს ასვლაზე იყო მისი სიცოცხლე დამოკიდებული. დასაშვებია ასეც ყოფილიყო. (იმ დროისთვის ავტობუსები ორ კვირაში ერთხელ თუ ჩამოივლიდნენ ხოლმე სოფლებში.) თუმცა, ლის არც ის ქალი და არც ავტობუსების განრიგი არ ახსენდებოდა.

ლი გვარად აიონი იყო. გვარის წარმომავლობა ჩინური გალხდათ, მაგრამ ლი სინამდვილეში ბოშა იყო. მშობიარობის შემდეგ, დედამისმა არეულობაში ძირს დავარდნილ, დამტვრეულ ტელეფონს მოკრა თვალი და ინგლისური წარწერა, ხმამაღლა ამოიკითხა ელემენტიდან ,,Li-ion’’ ამიტომ ეს სიტყვები უპატრონოდ დატოვებული ბავშვის სახელად ჩათვალეს.

პირველი, რაც გაჩნდა სამყაროში- მუსიკა უნდა ყოფილიყო. ყოველშემთხვევაში ლის ასე სჯეროდა. ძალიან უყვარდა მუსიკა და იმ დღიდან, როცა ბავშვთა სახლიდან გააშვილეს. შეეძლო ევარაუდა, რომ მისი მშობლები საკმაოდ უგემოვნოები იყვნენ.

მისგან არავინ არაფერს მოითხოვდა. სკოლაშიც კი, უბრალოდ ის უნდა ეკეთებინა რასაც ავალებდნენ. გამჭრიახობა არ იყო მისი საქმე. ერთი რამ, რაც ძალიან არ მოწონდა- რვეულში ორივე ფურცელზე წერა იყო. სიამოვნებით დაწერდა მხოლოდ მარჯვენა მხარეს, სადაც ფურცლების მეტი რაოდენობა იყო და მუქად და რბილად იწერებოდა.

ერთ კვირა დღეს, როცა მამამ ფული აჩუქა, ქალბატონი ვერონიკას მაღაზიაში მიირბინა და სქელი რვეული იყიდა. გადაშალა და სურვილი რომ დაეკმაყოფილებინა მარჯვენა გვერდები ააჭრელა უაზრო ნაჟღაბნებით. მერე იდეა მოუვიდა რომ რვეული დღიურად ექცია. მისი დღიური ყოველთვის ნახევრად ცარიელი იქნებოდა.

მას უყვებოდა ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა და უზიარებდა ყველა ემოციას. პირველ გვერდზე ეწერა- როგორ უთხრეს თანაკლასელებმა ერთ დღეს -,,შენ ნაშვილები ხარო’’ და რა სასაცილო სახეები ჰქონდათ ლის პასუხზე- ეგ ხომ მეც ვიცოდიო.

მეორე გვერდზე ეწერა მათემატიკის მასწავლებელზე. რომელიც ლის აზრით, გამოთაყვანებული ქალი იყო. ლისათვის გაუგებარი იყო რატომ იკეთებდა ეს ქალი მეორე სათვალეს პირველის ზემოდან როცა ბრაზდებოდა. ერთხელ როცა მასწავლებელმა კბილის პროთეზიც და სათვალეებიც გვერდით გადადო და საოცნებო ხვრინვას მიეცა. ლი მიიპარა და ორივე სათვალე მოირგო. მას მერე ლიმ დღიურში ჩაწერა- გაბრაზებული მასწავლებელი სპეციალურად იკეთებს მეორე სათვალეს – ბავშვები რომ ვეღარ დაინახოსო. ლის მოწონდა ამის გამო მათემატიკის გაკვეთილები.

ლი აიონს ადამიანების თვალებში ყურება უყვარდა. როგორც დღიურში ეწერა – ადამიანების თვალებს პირზე მეტად შეუძლიათ საუბარიო. მისი დაჟინებული მზერის გამო ბევრი თანაკლასელი თვალს ვერ უსწორებდა. ძირითადად მასთან არავინ მეგობრობდა – უცნაური იყო და იმიტომ…
არც მას მოწონდა თანატოლები. მათი ბავშვური სურვილებიც გამაღიზიანებელი იყო მისთვის. უფროსკლასელებთან უფრო იოლად გამონახავდა ხოლმე საერთო ენას.

ერთხელ მის ცხოვრებაში ახალი, საინტერესო თვალები გამოჩნდა… ლიმ გაცნობა გადაწყვიტა.

ტეანო სხვა ქალაქიდან გადმოვიდა და ახალი იყო სკოლაში. 3 წლით მაღალ კლასში დასვეს. ლი მას მხოლოდ შესვენებაზე ხედავდა. ერთხელ შეხვდა მათი მზერა ერთმანეთს და პირველად ცხოვრებაში ლიმ თვალები თავად გადაიტანა სხვა საგანზე. თვითონვე გაუკვირდა და მიხვდა რომ სახე გაუწითლდა. ისევ რომ გაიხედა ტეანო გაღიმებული მოდიოდა მისკენ. რბილი და სასიამოვნო თითები ჰქონდა ტეანოს. ლის უთათუნებდა აწითლებულ ლოყებზე და გულღიად იცინოდა. ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და თან პირდაღებული უყურებდა ტეანოს ნათელ სახეს.
მე ლი აიონი ვარო – ლოყებიდან ხელი მოაშორებინა და კაცურად ჩამოართვა ტეანოს.

დღიური ორი კვირით შვებულებაში გაუშვა. ვეღარ წერდა. საკუთარ თავს უფრო მეტ ხანს ელაპარაკებოდა ახლა ვიდრე დღიურს.

ორი კვირის შემდეგ, ლიმ დღიურში ჩაწერა- ,,ტეანომ ჩემ სახელზე ბევრი იცინა, ასე რატომ გქვია, შენ რა ჩინური ხარო? მე მინდოდა ამეხსნა მისთვის, როგორ გაჩნდა ჩემი სახელი, მაგრამ ისე იცინის, ხმას ვეღარ ვიღებ. ვერც თვალებში ვუყურებ, თითქოს დამნაშავე ვიყო.

არაფერი დამიშავებია რათქმა უნდა. უბრალოდ, აქამდე გოგო თუ მომეწონებოდა და მას არ მოვეწონებოდი სულ ფეხებზე მეკიდა. ახლა, ვეღარ ვიკიდებ… ‘’
დიდხანს იფიქრა ლიმ ტეანოზე. დღიურში კიდევ ერთი ჩანაწერი გაჩნდა-

,, მე რომ მეფე ვიყო- ტეანოს მოვიტაცებდი! ‘’

წარწერას ბევრი უტრიალა, ხან დახურა დღიური ხან გადაშალა. ,,მე რომ მეფე ვიყო….’’
ეს სიტყვები ეკლებად ერჭობოდა სხეულში.

ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ლიმ გეგმა შეადგინა:

1. მეფე რომ გავხდე, ჯერ უნდა გავხდე დიდი.

2. დიდი ყველა ხდება ოდესღაც, მაგრამ მე დიდი და თან მეფე მინდა გავხდე.

3. მეფე რომ გავხდე უნდა ვიცოდე ბევრი.

4. მეფე რომ ვიქნები ტეანოს შევთავაზებ ცოლობას.

5. თუ არ გამომყვება მოვიტაცებ. იმიტომ რომ მეფეებს ამის უფლება აქვთ. თან მეფე თუ ვიქნები ტეანოც გამომყვება! აბა რას იზამს…

მერე გეგმა შორეული ეჩვენა. აღარ იცოდა რა ექნა. ის გრძნობა ეწვია ერთ ადგილას მოსვენების უფლებას რომ არ გაძლევს და შენი აღარაფერი მოგწონს. იფიქრა და იმ დასკვნამდე მივიდა რომ ძალიან დიდი დრო გავა მანამდე სანამ ამ გეგმას შეასრულებს. ლი ვერ დაიცდის.. გეგმასთან შედარებით ახლა პირველი ოცნება უფრო რეალური ეჩვენა. ამოხეული ფურცელი კვლავ ამოიღო.

იქ -,,მე რომ მეფე ვიყო- ტეანოს მოვიტაცებდი!’’ ეწერა ისევ. ისევ ჩხვლეტდნენ ეკლები.

დილას სკოლაში გაშლილი ფურცლით მივიდა. ლოყები აწითლებოდა.
იმ დღეს ვერსად მონახა ტეანო. მეორე დღეს გაიკითხა კლასელებთან და შეიტყო რომ, ის საცხოვრებლად ძველ ქალაქში დაბრუნებულიყო. ქვეყნის მეორე ბოლოში.

– გვარი? შეეკითხა ორსათვალიანი მასწავლებელი ოთახში შესვლისას.

– აიონი ვარ!

– კეთილი. მისტერ ლი, გუშინ თქმა დამავიწყდა. შენ წერილი დაგიტოვეს, რატომღაც ჩემთან.
ლიმ წერილს დახედა. კონვერტს ზედ მასწავლებლის კბილის პროთეზის ანაბეჭდი ჰქონდა. კუთხეში წვრილად მიწერილი ჰქონდა- ლი-აიონს.

ლის დღიურში ამოხეული ფურცლის ადგილას სხვა ფურცელი გაჩნდა. ყოველ გადაშლაზე ჯერ ამ ფურცელს უყურებდა ხოლმე დიდხანს მომღიმარი ლი. სიახლეებს აღარ ინიშნავდა. დროს მნიშვნელობა დაეკარგა რაც რვეულიდან ამოხეული ჩვეულებრივი სიფრიფანა ფურცელი მიიღო წარწერით:

,,მიყევი გეგმას“
ტეანო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s