ბოლო გაჩერება-აბსოლუტური სიმშვიდე


-ასე თავჩაქინდრული და ბორძიკით ნუ მიდიხარ ძალიან გთხოვ…-გოგოს კინაღამ ხმამაღლა აღმოხდა სიტყვები მისი შემხედვარე.  დროულად შეიკავა თავი.  უნდოდა სინანული დაეფარა ხმაში და გულიდან წამოსული გრძნობებისთვის გასაქანი არ მიეცა- იცი რა? შენ კარგად იცი უკვე ყველაფერი და როგორც გინდა ისე მოიქეცი…

 

– დაამთავრე?-არ შემობრუნებულა ისე იკითხა, ზურგშექცეულმა.  თვალებით თავის ჩრდილს მიშტერებოდა, ლამპიონის შუქზე უცნაურად რომ გაწოლილიყო უკაცრიელ გზაზე.

-მე ყველაფერი გითხარი!-გაიმეორა გოგომ.

მან ნაბიჯს აუჩქარა, შუქს გაერიდა და ჩრდილში რომ მოხვდა  მოტრიალდა.

-კარგი. უბრალოდ, არ მინდა ოდესმე ინანო შენი საქციელი. ამ ხნის განმავლობაში შენ მე საერთოდ ვერ გამიცანი. ვეც მიმიხვდები ალბათ ვერსადროს. ვიცი, არ იღებ დაუფიქრებლად და ზერელედ გადაწყვეტილებას.  ყველაზე მეტად კი იმის მეშინია, რომ გებრალებოდე. მაგას მირჩევნია შემიჯავრო იცოდე…

-სისულელეს ნუ ამბობ! მე არ მებრალები. რა გაქვს შესაცოდი? უბრალოდ მე და შენ ერთმანეთს ვერ ვეწყობით. არაფერს ფიქრობ მომავალზე, არც მიზანი მგონია გაგაჩნდეს! ღმერთო ჩემო, ისევ თავიდან ნუ მაწყებინებ…

-მე მხოლოდ ის მინდა შენს გვერდით ვიყო, მერე აღარც მომავლის შემეშნდება. ნუთუ ასეთი გაუგებარია ეს? და ამ მიზანს მაინც რატომ ჩააფრინდი?

-იმიტომ რომ, მხოლოდ სურვილი არ კმარა ცხოვრებისთვის…

იგრძნო როგორ ეკვეთებოდა ფეხები, ყურებიც ნელნელა სულ დაუგუბდა თითქოს. რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა რომ არ წაქცეულიყო.

ნაწყვეტ-ნაწყვეტ განაგრძო ისევ.

-ზუსტად ეს მინდოდა მომესმინა…  ცუდია ეს თუ კარგი, მე რაც ვარ, რა ქონების ან ცხოვრების პატრონიც არ უნდა გავხდე, არ შევიცვლები. მაგრამ, ეს შენთვის ცვლის თურმე ყველაფერს და სწორედ ეს მწყვეტს გულს.

 

-ქონება რა შუაშია?აელეწა სახე გოგოს.

 

-დამამთავრებინე!- იდგა მის წინ, ვისი დაუსრულებლად ყურებაც არასდროს მოსწყინდებოდა.  თვალებამღვრეული მზერით მის მიღმა იხედებოდა.- ნეტავ. ნეტავ მცოდნოდი თავიდანვე. შენმა სამყარომ და იდუმალებამ მიმიზიდა და ისე უგზოუკვლოდ გადავიკარგე, ვერც მივხვდი როდის შემრჩი ხელში ასეთი უხეში, გაშიშვლებული სულის პატრონი. სად შემოგეძარცვა ღირსებები? რომლებიც გაცნობის დღიდან მომწონდა შენში. რატომ აღარ ფიქრობ რომ სიცოცხლე სიყვარულისთვის არსებობს? ალბათ ეს აზრიც მოდური იყო და შენც გამიმეორე…  ასე მგონია ძალით ჩაკალი სულში ყველა ეს ფასეულობა.  თავი როგორმე რომ შეგეზიზღებინა ჩემთვის! ვერ დამაჯერებ, რომ ადამიანი, რომელიც შემიყვარდა სინამდვილეში არ არსებულა. მე ის მიყვარს! და შენი დამოკიდებულებებით და შეხედულებებით ნუ მომიკლავ. იყავი შენთვის, მე თავი დამინებებია…

დგახარ აქ, ჩემს წინ  და თანდათან ვხვდები როგორ ვიმცირებ თავს ადამიანთან, რომელსაც არ ვიცნობ და სრულიად უცხოა ჩემთვის.  ან საბრალო სხეულია რომელიც სულმა მიატოვა, ეტყობა დიდხანს ვერ გაუძლო შენს ,,ცივ გონებას’’ და განშორება გადაწყვიტა. ნახვამდის… გისურვებ იპოვო ვინმე მიზანსწრაფული, ცხოვრებასმოწყურებული ადამიანი ცივი გონებით. და ბედნიერად იგრძნო თავი. მე ახლა ვიგრძენი ბედნიერება, დროულად მივხვდი, თურმე  სულ სხვა სულს გამოვედევნე და ამასობაში გზაც ამებნა. არაუშავს, გავბრუნდები ისევ იმავე გზაჯვარედინზე საიდანაც დავიწყე, და სულ სხვა გზით დავიწყებ ძებნას. ოღონდ იცოდე- აუცილებლად მოვძებნი!

სწრაფად შეტრიალდა, ეწურებოდა გული რომ ხვდებოდა აცრემლებული თვალები უხვრეტდნენ ზურგს. ცდილობდა მტკიცე და თანაბარი ნაბიჯებით გაევლო უახლოეს მოსახვევამდე.

რამდენიმე ნაბიჯიც და კიბეები… ვერც კი მიხვდა როგორ ჩაირბინა. ვეღარც ხედავდა, ისე ჰქონდა მოჯრილი გული ყელში და თვალებიდან-ყელისკენ ნელა მოიკლაკნებოდა ორი სველი ბილიკი.

სანაპიროსთან გავა, გულს გადააყოლებს მდინარეს… ,,ამით ცხოვრება არ დამთავრებულა’’- უმეორებდა გონებას და გრძნობდა როგორც არასდროს, ისე მოუნდა სიმშვიდე, სრულიად არაფერი. მოუნდა დაეცინა დროის მიმოსვლისთვის, ამაზრზენი ცხოვრებისთვის, ჯიბის მეგობრებისთვის და ნაკუწ-ნაკუწ, მაგრამ მაინც ნაფლეთებად ქცეულ ურთიერთობისთვის. სრულ უწონადობაში მშვიდად გაეცურა…

ჯებირი გამოჩნდა, მალე.. მალე…

ნაბიჯს მოუჩქარა…რატომ მოხდა ასე ჩვეულებრივად რომ მიდის.. რამდენის თქმა შეეძლო ცხოვრებაში. ახლა მზადაა ყველა სიმდაბლე ჩაიდინოს, ოღონდაც მალე დატკბეს სიმშვიდით.. ოღონდ სასწრაფოდ ჩაახშოს ეს გაუთავებელი ხმები ტვინში.

ყურში გაგუდული ხმით ნაცნობი სიტყვა გაიგონა. გონებამ მაშინვე მკაფიოდ გამოარჩია სიტყვა…

-დედი,

ბოდიშს გიხდი ამ შუა ღამისას რომ გაჩერებ და გაწუხებ შვილო, თან ვხედავ გეჩქარება. რა ვქნა ამ ყავარჯნების ხელში ვეღარაფერს ვაწამებ და ეგებ მიმეგზავნო აფთიაქში, წამალი მიყიდო. თორემ, გათენება აღარ მიწერია მე უპატრონოს…

ჩამოსძახა აივნიდან ინვალიდმა.

ჰაერი ერთიანად დაიწმინდა, თითქოს ძლიერი ქარბუქის შემდეგ სიწყნარემ დაისადგურაო და უცებ გონს მოვიდა.

-რას ბრძანებთ. სწორედაც რომ დრო მაქვს თავზე საყრელი. ახლა ვაპირებდი მშვიდად გამეცურა იქით.(გაეღიმა)

-რაო შვილო?

– არაფერი დედი წამალი-მეთქი, წამლის სახელი მითხარი მალე, ამდენი დრო არ მაქვს!

ზემოდან ძაფით შეკრული ქაღალდი ჩამოვარდა,- აი შვილო მანდ წერია სახელი და ფული რაც იმყოფინო იმდენის წამოიღე. გაიხარე და გაუმრავლდი დედას!

-მადლობა დედი, ჯერ კიდევ შეიძლება თურმე ვინმეს გამოვადგე..აღმოხდა ხმამაღლა და სწრაფად დაიძრა აფთიაქისკენ.

ინვალიდმა ქალმა თვალი მიადევნა- როგორ ვანდე ფული ამ არანორმალურს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s