გადამფრენი ფრინველები


eshmakis borbali
ბაქანი, რომელიც მხოლოდ ორგანყოფილებიანი, დაბალი მოსაცდელით გამოირჩეოდა რკინიგზის სხვა ნაწილისგან, სრულიად ცარიელი დამხვდა. მატარებლის ამ გაჩერებაზე ხალხი იშვიათად არის ხოლმე. სოფლისგან საკმაოდ შორსაა. ალბათ ამიტომაც,მატარებლები იშვიათად ჩერდებიან  ხოლმე აქ. სწორედ ამ იშვიათ მატარებელს ველოდები, საკუთარ ბარგზე ჩამომჯდარი და ვფიქრობ გატარებულ არდადეგებზე.

დაახლოებით, ორი საათი მომიწევს ვიცი ლოდინი. ალბათ უკვე შეგუებულიც უნდა ვიყო ამ ამბავს. მაგრამ, ლოდინი ყველაზე სასტიკ სასჯელად მიმაჩნია და ვცდილობ, დრო როგორმე ისე გავიყვანო, რომ არ მომბეზრდეს აქ ჯდომა. არადა, ავდგები, დავიწყებ წინ და უკან სეირნობას..  მატარებელშიც ისევ ფეხზე მომიწევს დგომა და ჯობია ვიჯდე და ვიფიქრო.
ლოდინი, სხვანაირადაც შეიძლება შეატრიალო. რომ ისეთი გაუაზრებელი მდგომარეობა არ გამოვიდეს, როცა არ იცი, რა დროს რა უნდა მოხდეს და მხოლოდ ელოდები. მაგალითად ასე- ვიღებ ერთერთ სავარაუდო სადგურს, სადაც სავარაუდოდ ახლა მატარებელი იმყოფება და მოვყვები გონებაში სავარაუდო რელსებს, ჩემ გაჩერებამდე.
ეხლა ჯერ სამტრედიას გამოცდებოდა. ალბათ უკვე იმ დიდი მოსახვევში შედის, სულ რომ ანელებს ხოლმე სიჩქარეს… ბაქანზე ჩერდება. ნელნელა დაიძრა . წინ გვირაბია.. ასე წამოვყვები ჩემს გაჩერებამდე. მაგრამ, როგორც წესი, ძალიან ვუსწრებ წინ მატარებლის რეალურ განრიგს. უკვე მესამედ ჩამოვიყვანე მატარებელი ჩემ ბაქანთან. ის კი ჰორიზონტზეც არ ჩანს…
ბევრი რამის ამოქექვა შეიძლება ასეთ დროს გონებიდან. შორს რკინის რელსებს სიცხისგან ბუღი ასდის და ისე ნელა მიიზლაზნება დენის ბოძებისკენ, რომ ფიქრის მადას აღგიძრავს ადამიანს.

ფიქრის სადგური. 1-ლი გაჩერება.

საათის ისარი, თავისთვის, ბეჯითად მიუყვებოდა წრეს. იმის მიუხედავად, რომ იმ დროს, არანაირი ღირებულება არ გააჩნდა მის არსებობას.
ადამიანებისთვის, მხოლოდ იყო დღე და ღამე.
ან შეიძლება, მარტო ჩემთვის ჩანდა ასე.
ისედაც და ასედაც, ცხოვრება საქართველოს ერთ მიკარგულ ქალაქში, მოძველებული საერთო საცხოვრებლის მეშვიდე სართულიდან, უაზროდ მშრალი და დუნე ჩანდა..
ფანჯარაში, ნაღვლიანი პეიზაჟივით იმზირებოდა სიცარიელე. რომელიც, არც წელიწადის დროებს ემორჩილებოდა და არც ამინდს.
ბოლო გაკვეთილივით დამღლელი და მოსაწყენი მდელოების ბოლოს, უზარმაზარი დენის ბოძების ფონზე, მხოლოდ მზიან ამინდში იკვეთებოდა რკინის დიდი წრე – ,,ეშმაკის ბორბალი”-რომელთანაც, შემდეგ კვირას უნდა წავეყვანეთ უფროსებს.

ეშმაკის ბორბალი, მუდმივ მოლოდინად და იმედის სხივად დარჩა. საიმისო კვირა არასდროს დამდგარა და ლოდინის აუტანლობაც მაშინ შევიგრძენი.

მონუსხული ვაკვირდებოდი მეტალის წრეს, ველოდებოდი კვირას ( არ ვიცოდი თვეში 4-ჯერ თუ დგებოდა) და არ მშორდებოდა განცდა, რომ ცხოვრება, იქ.. სადღაც, გაცილებით უფრო საინტერესოა და არ შეიძლება იყოს მუდამ ასეთი…
ცხოვრება, ალბათ ბავშვის სამყაროსავით განსხვავებული და საინტერესო უნდა ყოფილიყო. რომელსაც, ოთახში შემთხვევით შემოფრენილი ჩიტი, ან თანატოლისთვის ნატკენი მუხლების ჩვენებით მოგვრილი სიამაყე შეიძლება ყოფნიდეს ბედნიერებისთვის..

წარმოდგენაში, ეშმაკის ბორბალზე ბევრი მიფიქრია და იმდენად მჯეროდა საკუთარი ფანტაზიის, რომ ხანდახან ბავშვების ჟრიამულიც კი მესმოდა შორეთიდან.
მას მერე, დიდი დრო გავიდა. ბევრი ატრაქციონი ვნახე. თუმცა, არც ერთის ნახვისას, არ გამჩენია გრძნობა, რომ ჩემ წარმოდგენილ, რკინის წრეს მივუახლოვდი.
ალბათ, წარმოდგენილი საგნები უფრო მისაღები და მიმზიდველია, ვიდრე რეალურად მიღწეული, ხელშესახები. ანდაც, ჯერ კიდევ არ მოსულა ის კვირა დღე. როცა, ყველანი ერთად, გავემართებით ეშმაკის ბორბალთან.

ფიქრის სადგური მე-2 გაჩერება.

აზრი, იმაზე გადამივიდა, რომ სამყაროში ყველაფერი კანონზომირრად ხდება. ერთი მოვლენა, იმიტომ მოხდა რომ შემდეგი გამოეწვია.
ჰოდა, ჩემზე და შენზე ვფიქრობ…
ვფიქრობ, შემთხვევითობა, ჩვენი ტრაექტორიების გადაკვეთა ამხელა სამყაროში, ვერ იქნებოდა. ეს, შემდეგი მოვლენების დასაბამს უფრო ჰგავდა.
თუმცა, დასაშვებია რომ პირიქითაც ხდება ხოლმე რაღაცები.
ხანდახან, ცხოვრებას და ბედს თუ გავუწყრებით, თუ ვუსაყვედურებთ უფერულობის გამო და მოვთხოვთ ცვლილებებს. მერე შეიძლება, ნებისმიერი შემთხვევა ბედის გამოცოცხლებად ჩავთვალოთ.
მოგვეჩვენება, რომ ყველაფერი არ შეიძლება უბრალო შემთხვევა იყოს და ვიჯერებთ რომ ეს სწორედ- ბედია.
ამ დროს, იწყება მთელი რიგი სამუცნობიანი განტოლებები. რომლის პასუხები ვერაფრით მოწმდება ხოლმე და ამიტომ, ჩვენვე ვიგონებთ და გვჯერა მათი.
შემდეგ, ნებისმიერ არასასურველ, კრიტიკულ, საეჭვო კითხვებს, ასეთი აბსურდული პასუხებით იკმაყოფილებ. რომ, ბედი არ გაანაწყენო და საშუალება მისცე თავს, ცოტა ხნით ბედნიერი იყო.
ეს ყველაფერი, ძალიან წააგავს დილით ლოგინში ნებივრობას.
იცი რომ ეს სიზმარი არ არის.. რომ გღვიძავს.. მაგრამ, ისეთი ტკბილია ზმანებები. რომ თავს ვერ ანებებ და ისიც გითრევს, მთელი ძალით მიგერეკება სასურველი რეალობისკენ. ცუდი ისაა, რომ გამოღვიძებულს, ცხოვრება, მეტის მეტად რთული და აუტანელი გეჩვენება. შეიძლება, წამოდგომაც აღარ მოგინდეს ან გული გეტკინოს რომ ფხიზელი ხარ..

ფიქრის სადგური. მე-3 გაჩერება.
ყურსასმენებიდან საყვარელმა მელოდიამ -,,Следи за собой” -მ შემოაღწია ჯერ გონებაში… მერე მთელ სხეულში.
გულში ავყევი. თან მსიამოვნებს იმის გაფიქრება, როგორ შეიძლება ცოტა ხნით გამოეპარო სიფხიზლეს ძილის ან თრობის გარეშე.
ყველა ადამიანის ემოციას და განწყობას ალბათ გარკვეული მუსიკა ეწყობა ნებისმიერი ჟანრიდან. ისე მხოლოდ, კლასიკური მუსიკა შეიძლება გამოდგეს ცალკეული ადამიანის, ანდაც მთელი ჯგუფის, ცხოვრების საუნდტრეკად
. მაგალითისთვის – ადამიანს, რომელმაც წეღან აუჩქარებლად, მხარზე სახრეგადაგდებულმა გადაიყვანა ცხვრები ლიანდაგზე, ძალიან მოუხდებოდა შოპენის ,,ეტიუდი 25”. შეგიძლიათ, შუმანის ,,ალლეგრო ვივაჩეს” მოუსმინოთ, რომ წარმოიდგინოთ ავლაბრელი შიოს ცხოვრება. სუიციდამდე…
სულ შემთხვევით მომივიდა თავში ,,მოდერატო”. რომელიც, კარგად მიეწყო ჩემი თანასოფლელის კახუჩელას დაბღვერილ-დაბოღმილ ხეტიალს სოფლის შარაგზებზე. თანაც, ისე საოცრად ჩაჯდა რიტმშიც, რომ აღფრთოვანებული დავყვებოდი ხოლმე უკან და რახმანინოვს ვუსმენდი…
სულ ვცდილობ, საკუთარ თავს მოვარგო რომელიმე მუსიკალური ნაწარმოები. მაგრამ, გარემო, ხასიათიც და ცხოვრებაც, იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ძნელია რაიმე მელოდია ავიყოლიო თან.
ჯერ-ჯერობთ, ისევ განწყობის მუსიკას ვუსმენ ,,Kings of Convenience ’’ -,,Me in you”-ს ასრულებს.
ჯერ ისევ მზით გამთბარ ცაში, გადამფრენი ფრინველები ტაატით მიფრინავენ…  მონატრებული მატარებელიც გუგუნით, ნელნელა მიახლოვდება…

27.03.2013

About these ads

2 thoughts on “გადამფრენი ფრინველები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s